უკრაინის პოლიციამ ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავა
უკრაინის პოლიციამ ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმეზე ეჭვმიტანილები დააკავა

უკრაინის პოლიციამ ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილები დააკავა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა განაცხადა.

„ახლახანს, ნაციონალურმა პოლიციამ დააკავა და პროკურატურასთან შეთანხმებით საფუძვლიანი ეჭვი წაუყენა პაველ შერემეტის მკვლელობის საქმის ფიგურანტებს. ეს არის ნამდვილი სპეციალისტების ძალიან რთული და თავდადებული შრომის შედეგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქმის სრული გახსნისკენ“, – დაწერა ავაკოვმა სოციალურ ქსელში.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულებს მალე აღკვეთის ღონისძიება შეეფარდებათ. ერთ-ერთი ეჭვმიტანილი ჯგუფი „რიფმასტერის“ მუსიკოსი და დონბასში საბრძოლო მოქმედებების მონაწილე ანდრეი ანტონენკოა. აღნიშნულ ცნობებს ადასტურებს ფრაქცია „ევროპული სოლიდარობის“ დეპუტატი ვლადიმირ არიევი.

მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით სულ ეჭვმიტანილია ხუთი ადამიანი.

ივლისში პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობის საქმის გამოძიების შედეგი მალე იქნებოდა.

შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს კიევის ცენტრში ავტომობილის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. გამოძიებამ მისი მკვლელობის მოტივად ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობა დაასახელა. პაველ შერემეტი წლების განმავლობაში რუსულ ტელეკომპანიებში მუშაობდა, მათ შორის რუსეთის პირველ არხზე.

გარდაცვალებამდე ბოლო ხუთი წელი ის კიევში ცხოვრობდა და ინტერნეტ გამოცემა „უკრაინსკაია პრავდაში“ მუშაობდა. ასევე იყო უკრაინული რადიოს „ვესტის“ წამყვანი.