უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა
უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა

უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.

როგორც ლუდმილა დენისოვამ გლდანის მე-18 დაწესებულებასთან განაცხადა, სურვილი აქვს, რომ შეხვდეს სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელს.

„ხუთი წუთის წინ შევიტყვეთ, რომ უარი გვითხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს, გავიგებთ უარის თქმის მიზეზს. ჩვენ აქ მაინც მოვედით, მსურს, შევხვდე ამ კოლონიის ხელმძღვანელს. ვიცი, რომ დირექტორი ავად არის, თუმცა მის მოვალეობას ხომ ასრულებს ვინმე, ასევე მსურს, შევხვდე ამ კოლონიის მთავარ ექიმს, რადგან დღეისთვის ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ასევე იმასთან დაკავშირებით, როგორ აპირებენ რეანიმაციული პროცედურების ჩატარებას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, აღჭურვილობისა და პროფესიონალურად მომზადებული ექიმების გარეშე. ამიტომ ჩვენ გვინდა შევიდეთ, მივაღწიოთ მათთან შეხვედრას და შემდეგ გადავწყვიტოთ, რა გავაკეთოთ“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვმა.

ამასთან, უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ სურს შეხვდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც.

„მე მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა. მე მას დავურეკე, მივწერე. სამწუხაროდ, მან არ მიპასუხა. როგორც ჩანს არსებობს რამე მიზეზები, რომ მე არ დამიკავშირდეს. მსურს, წარმომიდგინონ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობასთან დაკავშირებით მტკიცებულებები. დღეს მისი შიმშილობის დაწყებიდან 47 დღე გავიდა. მსურს, მთავარმა ექიმმა ამიხსნას, რა აღჭურვილობა არის, ამ აღჭურვილობის ჩამონათვალი და არიან თუ არა სპეციალისტები ამ აღჭურვილობის გამოსაყენებლად. რადგან დღეისთვის ჩვენთვის ცნობილია, რომ იქ დგას კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც წამოიღეს რესპუბლიკური საავადმყოფოდან და რომელიც დგას დერეფანში იმ განყოფილების მახლობლად, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება. როგორ არის შესაძლებელი ამ აპარატის გამოყენება, ეს კითხვაც არის. ამიტომ ახლა ჩვენ გვაქვს მხოლოდ ის მონაცემები, რომლის მიღებაც შეგვიძლია მხოლოდ ადვოკატებისგან ან კონსილიუმის შემადგენლობაში მყოფი ექიმებისგან. ვისურვებდი, პირადად დავრწმუნებულიყავი, რომ არსებობს აღჭურვილობა, არიან პროფესიონალი ექიმები. შეგვიძლია დავუშვათ, რომ სასჯელაღსრულების ამ სამედიცინო დაწესებულებაში არ არიან კვალიფიციური ექიმები, რადგან 14 ნოემბერს, როდესაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, სასწრაფო დახმარება სხვა სახელმწიფო კლინიკიდან გამოიძახეს. ამიტომ ვისურვებდი, ყველა ამ კითხვაზე პასუხის მიღებას“, – განაცხადა უკრაინის ომბუდსმენმა.

ამასთან, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ კადრები, როლებიც მიხეილ სააკაშვილის საკნიდან გავრცელდა, არის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება.

„ეს არის წამება, გაერო-ს ადამიანის უფლებათა კონვენციის პირველი მუხლის დარღვევა. ჩვენ ამას ყველაფერს ვაფიქსირებთ. მე ინფორმაციას გავაგზავნი სტრასბურგის სასამართლოს, რათა სააკაშვილის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული იყოს ჩვენი მოსაზრებებიც. ადვოკატებს შევხვდით და გავიგეთ იმის შესახებ, რომ გრძელდება ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა მიხეილ სააკაშვილზე. მას ჩამორთმეული აქვს დასვენებისა და ღამით ძილის უფლება, რადგან, როდესაც ის შუქს აქრობს და ტელევიზორს თიშავს, იწყება ყვირილი და ხმაური. ეს არის ზეწოლა. ის იძულებულია სინათლეში და ხმამაღლა ჩართული ტელევიზორით, რათა არ გაიგოს ეს ხმები, თუ შეიძლება ამას ეწოდოს ძილი. ამას გარდა, დარღვეულია მისი უფლება სუფთა ჰაერზე, ის ვერ აღებს ფანჯარას, რადგან კვლავ იწყება ყვირილი. მიხეილ სააკაშვილზე ასეთ ფსიქოლოგიურ ზეწოლას მე-18 კოლონიაში მყოფი სხვა მსჯავრდებულები მხრიდან აფიქსირებს უკრაინის კონსული და საქართველოს სახალხო დამცველიც. ამიტომ ეს ასევე არის უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიმართ წამება“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვამ.