უკრაინის ნაკრების კანდიდატი ბათუმის დინამოში ითამაშებს 
უკრაინის ნაკრების კანდიდატი ბათუმის დინამოში ითამაშებს 

ევგენი ზუბეიკო ბათუმის დინამოს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა – ინფორმაციას 29 წლის უკრაინელი მცველის ტრანსფერზე ბათუმელთა ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

დნეპროპეტროვსკის საფეხბურთო სკოლის აღზრდილი ზუბეიკო ძირითადად უკრაინის პრემიერ ლიგაში გამოდიოდა და ქვეყნის პირველობაზე სხვადასხვა გუნდის მაისურით 133 მატჩი ჩაატარა – ოდესის ჩერნომორეცში, ხარკოვის მეტალისტში (2015-2016), ლვოვის კარპატიში (2016-2017), ისევ ჩერნომორეცში (2017-2018), 2018 წელს კი დონეცკის ოლიმპიკის ღირსებას იცავდა. 2015 წელს ნახევარი სეზონი რუსეთის პირველი ლიგის ტოსნოში გამოდიოდა.

2014 წლის 14 მაისს, მთავარმა მწვრთნელმა მიხეილ ფომენკომ უკრაინის ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გამოიძახა. პოზიციით მარჯვენა ფლანგის მოთამაშეა – მცველია, მაგრამ ნახევარდაცვაშიც უთამაშია. გერმანული სამენეჯერო სააგენტო ტრანსფერმარკტი 30 წლის ზუბეიკოს ტრანსფერის პირობით ფასად 400 ათას ევროს ასახელებს.