უკრაინის მთავრობაში აცხადებენ, 12 აპრილს, საბრძოლო მისიის შესრულებისას დაიღუპა „ეფ-16“-ის პილოტი პაველ ივანოვი
უკრაინის ხელისუფლება იუწყება, რომ 12 აპრილს, საბრძოლო მისიის შესრულებისას დაიღუპა „ეფ-16“-ის პილოტი, 26 წლის პაველ ივანოვი. შემთხვევის ადგილი არ სახელდება. უკრაინის პრეზიდენტმა მფრინავს გმირის წოდება მიანიჭა. „ბიბისის“ წყაროების ცნობით, „ეფ-16“, სავარაუდოდ, რუსული რაკეტით ჩამოაგდეს.
როგორც ანონიმური წყარო აცხადებს, რუსებმა თვითმფრინავის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს.
მომხდარზე გამოძიება გრძელდება, თუმცა, როგორც „ბიბისის“ წყარო ეუბნება, იმ ზონას, სადაც ივანოვი საბრძოლო მისიას ასრულებდა, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა არ ფარავდა.
რუს სამხედროებს „ეფ-16“-ის ჩამოგდების შესახებ ჯერ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ, თუმცა რუსი ბლოგერების ნაწილი წერს, რომ თვითმფრინავი სუმის ოლქში ჩამოაგდეს,
ცნობისთვის, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც უკრაინა „ეფ-16“-ის ტიპის თვითმფრინავის ჩამოგდებას და პილოტის დაღუპვას ადასტურებს. პირველი შემთხვევა 2024 წლის 26 აგვისტოს მოხდა, როდესაც უკრაინელები ქვეყნის დასავლეთ ნაწილში რუსული შეტევის მოგერიებას ცდილობდნენ.