უკრაინის მმართველი პარტიის ორი მაჟორიტარი წევრი ფრაქციიდან გარიცხეს
უკრაინის მმართველი პარტიის ორი მაჟორიტარი წევრი ფრაქციიდან გარიცხეს

უკრაინის მმართველი პარტიის ორი მაჟორიტარი წევრი ფრაქციიდან გარიცხეს.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ განმარტა, აღნიშნული დეპუტატები საჭირო კანონპროექტებს მხარს არ უჭერდნენ.

მაჟორიტარი დეპუტატები ანა სკოროხოდი და ანტონი პოლიაკოვი უკრაინის რადაში მმართველ ფრაქციაში აღარ იქნებიან.

„მათი გარიცხვის მთავრი მიზეზი არის ის, რომ ისინი არ აძლევდნენ ხმას კანონებს, რომლებთან დაკავშირებითაც ფრაქციაში ერთსულოვანი პოზიცია იყო. ეს არის იმ დაპირების დარღვევა, რომლის მიხედვითაც ფრაქცია შეთანხმებულ კანონებთან დაკავშირებით გუნდურად მოქმედებს“, – განაცხადა „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე ალექსანდრ კორნიენკომ.

თავად გარიცხულმა დეპუტატებმა მომხდარს „პოლიტიკური ანგარიშსწორება“ უწოდეს. როგორც ანტონ პოლიაკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ბოგდანი დეპუტატებს ემუქრებოდა, თუ ისინი კონკრეტულ კანონებს არ მიიღებენ.

კერძოდ, ბოგდანი დეპუტატებისგან იმ კანონის მხარდაჭერას ითხოვდა, რომელი სასოფლო-სამეურნეო მიწების თავისუფალ გასხვისებას ითვალისწინებს.