უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება
უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი საქართველოს პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რეზოლუციის ტექსტზე თუ მოხდება შეთანხმება, მაშინ საერთო რეზოლუცია დარეგისტრირდება, თუ არა და უმრავლესობა დაარეგისტრირებს თავის ვერსიას.

„მხარს ვუჭერთ ჩვენი მეგობარი ქვეყნის სუვერენიტეტს. ბუნებრივია, არავის შეუძლია, მიუთითოს რომელიმე ქვეყანას მაგალითად, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანდება თუ არა. ის, რომ ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია გარკვეული პრინციპები, ეს რომ გადახედვას არ საჭიროებს, ნათელია. ზოგად პრინციპებზე ჩვენ დღეს შევთანხმდით. თითოეულ სიტყვაზე, ასე ეწერება იქ, თუ ისე, ეს უფრო გამოხატავს და ის უფრო ნაკლებად გამოხატავს, ამაზე დრაფტი გვაქვს ხელთ, ჩავასწორებთ, ზოგს გავიზიარებთ, ზოგს არ გავიზიარებთ. არის დეტალები, როლებიც პრინციპულ საკითხებს არ წარმოადგენს და ვფიქრობ, ამ დეტალებზე შევთანხმდებით.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, დღეს არის დღე, რომ დღის ბოლომდე უნდა დავარეგისტრიროთ რეზოლუცია, ამიტომ თუ შევთანხმდებით, ბუნებრივია, ჩვენ ამას დღის ბოლომდე დავარეგისტრირებთ. ჩვენ თუ შევთანხმდებით იმ ტექსტზე, რომელშიც პრინციპებზე წინააღმდეგობა ვერავინ გაწია დღეს, ეს იმას ნიშნავს, რომ გვექნება საერთო ტექსტი და საერთო რეზოლუციად დარეგისტრირდება, ხოლო თუ იმ დეტალების გამო, ვინმე უარს იტყვის, მაშინ ბუნებრივია, ჩვენ დავარეგისტრირებთ ჩვენს ვერსიას, გავიტანთ კიდეც და დარწმუნებული ვარ, მხარდაჭერაც ექნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარლამენტში უკრაინის მხარდამჭერ ერთობლივ რეზოლუციაზე კონსულტაციები დღეს გაიმართა. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის წევრები.

დატოვე კომენტარი