უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში სულ მცირე 1000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში სულ მცირე 1000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ქალაქ მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის“ ქარხანაში სულ მცირე 1000 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. ამის შესახებ განცხადება უკრაინის რეინტეგრაციის მინისტრმა, ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა.

„ასობით სამხედრო დაჭრილია. იქ არიან ადამიანები სერიოზული დაზიანებებით, რომელთაც გადაუდებელი ევაკუაცია ესაჭიროებათ“, – განაცხადა უკრაინელმა მინისტრმა „ფრანს პრესთან“ საუბარში.

მისივე თქმით, ვითარება „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე ყოველდღიურად უარესდება.

მარიუპოლის მცველების ინფორმაციით, რუსეთის არმიამ განაახლა „აზოვსტალის“ შტურმი.

ლეგიონ აზოვის მეთაურის მოადგილის ინფორმაციით, გრძელდება დაბომბვა, რის შედეგადაც მათ დაკარგეს კავშირი „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მდებარე საველე ჰოსპიტალში მყოფ პირებთან.