უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოლაევზე, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკზე დარტყმები მიიტანეს
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოლაევზე, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკზე დარტყმები მიიტანეს

უკრაინის ხელისუფლების ცნობით, ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ქალაქ ნიკოლაევზე, ხარკოვსა და დნეპროპეტროვსკზე დარტყმები მიიტანეს.

როგორც ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი აცხადებს, ღამით ქალაქ ნიკოლაევში საცხოვრებელი რაიონები დაიბომბა.

წინასწარი ცნობით, დაღუპულია ერთი ადამიანი, კიდევ ექვსი დაიჭრა. დარტყმების შედეგად დაზიანდა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლები.

ხარკოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ოლეგ სინეგუბოვის თქმით, გასულ ღამეს რუსეთის ფედერაციამ იერიში მიიტანა ქალაქ ხარკოვის სლობოდსკის და ნოვობოვარსკის რაიონებზე. შედეგად დაინგრა სპორტული დარბაზი და ცენტრალური კორპუსი. გაჩნდა ხანძარი.

როგორც ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, ხარკოვის მიმართულებით რუსეთის არმიამ ეს-300-ის ტიპის სისტემებიდან გაუშვა რაკეტები.

რუსეთის არმიამ ასევე დაბომბა დნეპროპეტროვსკის ოლქიც. ადგილობრივი მთავრობის ცნობით, გამოყენებული იყო „გრადები“. შედეგად დაზიანდა 30-ზე მეტი შენობა. მწყობრიდან გამოვიდა ელექტროქსელი. წინასწარი ცნობით, შედეგად არავინ დაშავებულა.