უკრაინის ხელისუფლება რუსეთს უსაფრთხოების სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებს
უკრაინის ხელისუფლება რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში უსაფრთხოების სიტუაციის სისტემურ გამწვავებაში ადანაშაულებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეუთო-ს მიაწოდა.
პარალელურად, უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების გადაადგილებასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდა კრემლში. რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროებისა და აღჭურვილობის მოძრაობა მოსკოვის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად და საფრთხეს არავის უქმნის.
უკრაინის არმიის სამხედრო ხელმძღვანელობა რუსეთს სასაზღვრო ზონაში სამხედრო ძალის მობილიზებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ რუსეთისგან მხარდაჭერილი სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს მუდმივად არღვევენ.