უკრაინის ხელისუფლება „ჩრდილოეთ ნაკადზე“ აფეთქებებთან კავშირს უარყოფს
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი უარყოფს დასავლურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ჩრდილოეთ ნაკადის“ წყალქვეშა გაზსადენზე აფეთქებების განხორციელება პროუკრაინულ დაჯგუფებებს შეეძლოთ.
„ეს ჩვენი საქმიანობა არ არის“, – განაცხადა რეზნიკოვმა.
მედიის ცნობით, აფეთქებასთან პროუკრაინული ჯგუფების შესაძლო კავშირის შესახებ პირველად ინფორმაცია გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსმა“ გაავრცელა, თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ ამ ინფორმაციის მიღების დეტალები და არც ის, თუ რამდენად სანდოა. სტატიაში ასევე მითითებულია, რომ არავითარი მტკიცებულება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციამ იცოდა ან მსგავსი ქმედების განკარგულება გასცა, არ არსებობს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ინციდენტის შემდეგ პოლონეთმა და უკრაინამ იჩქარეს რუსეთის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დადანაშაულება. ამასთან, დასავლელი მაღალჩინოსნების აზრით, სერიოზული პოტენციური მოტივები დივერსიისთვის კიევსა და მის მოკავშირეებს გააჩნდათ, რომლებიც მათი გვერდის ავლით, რუსეთიდან გერმანიაში გაზის პირდაპირ მიწოდების პროექტის წინააღმდეგი იყვნენ.
როგორც „ნიუ იორკ თაიმსი“ აღნიშნავს, მაღალჩინოსნებმა, რომელთაც ხელში ჩაუვარდათ დაზვერვის მონაცემები, ჯერჯერობით არ იციან, რა მნიშვნელობა მიანიჭონ აღნიშნულ ინფორმაციას.
„ნიუ იორკ თაიმსის“ შემდეგ გერმანულმა გამოცემამ „დი ცაიტ“ გამოაქვეყნა მილსადენზე განხორციელებული აფეთქების საკუთარი ვერსია. გამოცემა წერს, რომ გამომძიებლებმა ჯერ კიდევ სექტემბერში აღმოაჩინეს იახტა, რომელიც პოლონური კომპანიის მიერ იყო არენდით აღებული და, სავარაუდოდ, გამოყენებულ იქნა დივერსიულ ოპერაციაში, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ეკიპაჟის ექვსი წევრი, მათ შორის მყვინთავები და ექიმი. გამოცემა წერს, რომ ამ ჯგუფმა ბალტიის ზღვის ფსკერზე განათავსა ასაფეთქებელი, რომლითაც მილსადენი დააზიანეს. იახტაზე აღმოჩენილია ასაფეთქებლის კვალი. მიუხედავად იმისა, რომ იახტის მოიჯარეებად უკრაინის მოქალაქეები ირიცხებოდნენ, დივერსიის დამკვეთი უცნობია. ექსპერტები იხრებიან ვერსიისკენ, რომ ეს შესაძლოა, ყოფილიყო ოპერაცია „ცრუ დროშის ქვეშ“, რათა ეჭვი უკრაინაზე მიეტანათ.
უკრაინის დივერსიასთან კავშირს უარყოფს უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკიც , რომლის თქმითაც, უკრაინას მილსადენის ავარიასთან კავშირი არ აქვს და არ გააჩნია ინფორმაცია „პროუკრაინულ დივერსიულ ჯგუფებზე“.
„ნიუ იორკ თაიმსისა“ და „დი ცაიტის“ შემდეგ სტატია გამოაქვეყნა „ვაშინგტონ პოსტმაც“, რომელიც, თავის მხრივ, ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა და განსხვავებულ ნიუანსებს შეიცავს.
აშშ-სა და ევროპის სადაზვერვო სამსახურებს არ აღმოუჩენიათ არც უკრაინულ და არც რუსულ ოფიციალურ პირებს შორის კომუნიკაციისას ისეთი საეჭვო მინიშნებები, რაც მათ მომხდართან დააკავშირებდათ. მონაცემებს, რომლებიც დასავლურ სადაზვერვო სამსახურებს გააჩნიათ, „ვაშინგტონ პოსტის“ ანონიმური წყარო მოიხსენიებს „სიგნალებად“, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ისინი მოპოვებულია ელექტრონული კომუნიკაციისას და ისინი გამოვლენილია აფეთქების შემდეგ. წყარო დასავლელი მაღალჩინოსანია, თუმცა არა ამერიკელი.
ამასთან, დაზვერვას გააჩნია ისეთი მონაცემებიც, რომლებიც რუსეთის შესაძლო კავშირზეც მიუთითებს. კერძოდ, ინციდენტამდე რამდენიმე კვირით ადრე მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ხომალდების აქტივობა დააფიქსირეს.
„ვაშინგტონ პოსტის“ წყარო ნაკლებ სავარაუდოდ მიიჩნევს, რომ ამ დივერსიის შესახებ იცოდა უკრაინის პრეზიდენტის გარემოცვამ.