უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა ზაპოროჟიეს ოლქიდან სამხედროების გაყვანა დაიწყო
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ რუსეთმა დაიწყო სამხედროების გაყვანა ზაპოროჟიეს ოლქიდან. როგორც „ბიბისი“ წერს, ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მიერ გავრცელებულ ყოველდღიულ ინფორმაციაში.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, რუსეთი ასევე ემზადება ზაპოროჟიეს ოლქის საოკუპაციო პერსონალის გასაყვანად.
ამის საბუთად უკრაინის გენშტაბში მოჰყავთ ფაქტი, რომ დასახლებულ პუნქტ მიახლოვკიდან რუსეთის ქვედანაყოფები უკვე გავიდნენ. ხოლო დასახლებულ პუნქტებში – პოლოგასა და ინჟინერნოეში რუსები ტოვებენ სახლებს და თან მიაქვთ მიტაცებული ქონება, დასახლებულ პუნქტ ბურჩაკში კი ატარებენ აღწერას მოსახლეობის ე.წ. ნებაყოფოლობითი ევაკუაციის მიზნით.
უკრაინის გენშტაბი ასევე იუწყება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებას მიაღწიეს ზაპოროჟიეს ოლქში რამდენიმე მიმართულებით და მტრის დანაკარგი 230 ადამიანს შეადგენს. განადგურებულია 15 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა და ტყვია-წამლის საცავი.