უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა ხერსონის ნაწილიდან ე.წ. სახელმწიფო უწყებების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს
უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ოკუპანტებმა ხერსონის ნაწილიდან ე.წ. სახელმწიფო უწყებების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხერსონის ნაწილიდან ე.წ. სახელმწიფო უწყებების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს. მათივე ცნობით, ხერსონიდან ოკუპირებულ ყირიმში გააქვთ ბანკებისა და საპენსიო ფონდების ქონება.

უკრაინელი სამხედროების ცნობით, ფრონტის ხაზზე ვითარება არსებითად არ შეცვლილა და მტერი განაგრძობს უკრაინის თავდაცვის ძალების შეკავებას, ხოლო ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით ცდილობს შეტევას.

როგორც გენშტაბში აცხადებენ, ბოლოს 24 საათში რუსეთის არმიამ ორი სარაკეტო და 26 საავიაციო იერიში განახორციელა. 80-ჯერ გახსნა არტილერიიდან და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. რუსი ოკუპანტების დარტყმების სამიზნე 20 დასახლებული პუნქტი გახდა. მათ შორის სუმის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქები.

„უკრაინელი სამხედროები აგრძელებენ მტრის შეკავებას. უკრაინულმა ავიაციამ მოწინააღმდეგის პოზიციებზე 30-ზე მეტი დარტყმა მიიტანა. წარმატებული გამოდგა 25 დარტყმა. განადგურებულია მტრის შეიარაღება და ტექნიკა, ასევე ექვსი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და ერთი უპილოტო აპარატი. სამხრეთის მიმართულებით უკრაინელი სამხედრო მეთაურები კი იუწყებიან, რომ ბოლო 24 საათში განადგურებულია სულ მცირე 50 ოკუპანტი, ორი ტანკი, სამი მხსვილკალიბრიანი ჰაუბიცი, თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, სამი დაჯავშნული ავტომობილი“,- აღნიშნულია გენშტაბის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, რუსები განაგრძობენ სარაკეტო დრონებით შეტევას. ამჯერად იერიში მიიტანეს ნიკოლაევის ოლქზე, სადაც უკრაინელების ცნობით, სამიზნე იყო ფარმაცევტული საწყობი და სამრეწველო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

გენშტაბში აცხადეენ, რომ უკრაინელმა ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემამ 11 დრონის ჩამოგდება შეძლო.

„რუსები აგრძელებენ სარაკეტო დარტყმებს სუმის ოლქზეც, რის გამოც დასახლებული პუნქტების ნაწილი დენის გარეშეა დარჩენილი“,- აღნიშნავენ უკრაინის გენშტაბში.