უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში სამ დღეში 50 კილომეტრით დაწინაურდნენ
უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში სამ დღეში 50 კილომეტრით დაწინაურდნენ

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში სამ დღეში 50 კილომეტრით დაწინაურდნენ. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტის ხაზზე არსებული მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ცნობაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო 24 საათში რუსეთის ფედერაციამ უკრაინის ტერიტორიაზე მიიტანა 45 საავიაციო და ხუთი სარაკეტო დარტყმა. მათ შორის დასახლებულ პუნქტებზე – კონსტანტინოვკა, ცირკუნი, რადუშნოე, ხარკოვი. არის მსხვერპლი მშვიდობიან მოქალაქეებს შორის. ხარკოვში დაიღუპა ორი ადამიანი, დაიჭრა ხუთი.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, სევერსკის მიმართულებით, რუსეთის არმიის მხრიდან ცეცხლის ინტენსივობამ მნიშვნელოვნად დაიკლო, ხოლო სხვა მიმართულებებს რაც შეეხება, რუსეთის არმია აგრძელებდა ცეცხლს სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე.

გენშტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები ამაგრებენ პოზიციებს და უზრუნველყოფენ, რომ მტერმა წინ არ წაიწიოს. უკრაინელმა სამხედროებმა მოიგერიეს მოწინააღმდეგის შეტევა დასახლებულ პუნქტ უდესთან, კონსტანტინოვკასთან, ვარნოპოლიესთან, მაიროსკთან და კამენკასთან.

ამასთან ერთად, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათში სახმელეთო დაჯგუფებების მხარდაჭერით, უკრაინის ავიაციამ 20 დარტყმა მიიტანა მტრის საყრდენ პუნქტებზე, ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ადგილებსა და ტექნიკაზე. განადგურებულია სამი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი. ასევე განადგურებულია ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი და ვერტმფრენი „კა-52“.