უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა სლავიანსკში კასეტური ბომბები ჩამოყარეს
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსულმა ძალებმა სლავიანსკში კასეტური ბომბები ჩამოყარეს

რუსულმა ძალებმა სლავიანსკში კასეტური ბომბები ჩამოყარეს. შედეგად, ქალაქის მერის ინფორმაციით, დაღუპულია ოთხი და დაშავებულია შვიდი ადამიანი. თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდა ლიმანის მიკრო-რაიონი. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში რუსები ცდილობენ, დაიბრუნონ დაკარგული პოზიციები და აწარმოებენ შტურმს კოჩუბეევკა-დემენტიევკას მიმართულებით.

გენშტაბის ცნობითვე, რუსული ძალები ასევე შიშობენ, რომ ხერსონის ოლქში დაკავებულ ტერიტორიებზე ადგილობრივებისგან წინააღმდეგობას ექნება ადგილი.

ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული ძალები ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს იყენებენ, ზუსტი იარაღის სიმცირის გამო. ვიდეოჩანაწერის შესწავლისას, დადგინდა, რომ 27 ივნისს კრემენჩუგის სავაჭრო ცენტრზე მიტანილი იერიშისას, დიდი ალბათობით, X-32 ტიპის ფრთოსანი რაკეტა იყო. ხოლო, 30 ივნისს ოდესის ოლქზე განხორციელებული სარაკეტო თავდასხმისას, გამოყენებულ იქნა X-22 ტიპის რაკეტა.

ომის შესწავლის ამერიკული ინსტიტუტის მონაცემებით კი, რუსი სამხედროები განაგრძობენ იერიშს ლისიჩანსკის ალყაში მოსაქცევად.

ამავე ორგანიზაციის მკვლევართა ცნობით, კრემლი ასევე ემზადება რუსეთის ეკონომიკის მობილიზაციისთვის, უკრაინასთან გაჭიანურებული ომის ფარგლებში – წერენ ორგანიზაციის ექსპერტები, იმ კანონპროექტებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლებელს გახდის აიძულოს ბიზნესობიექტები, არმიისა და სპეცსამსახურების ინტერესების გათვალისწინებით სახელმწიფო შეკვეთები მიიღონ, ხოლო თანამშრომლები – იმუშაონ ღამითაც.
ასევე, როგორც ორგანიზაციაში პროგნოზირებენ, რუსეთის ხელისუფლება გეგმავს ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის ინტეგრირებას რუსულ ენერგოსისტემაში. ამ ინფორმაციის, ავტორები ვარაუდობენ, რომ რუსული ძალები ცდილობენ, წვდომა მოიპოვონ ელექტროგადამცემ ხაზებზე, რათა უკრაინული ენერგია პირდაპირ რუსეთისკენ გადაამისამართონ.

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლება განაგრძობს ახალწვეულთა რეზერვების გაფართოებას, რომლებიც შესაძლოა ჩართული იყვნენ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში.