უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით
რუსული ჯარები ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებით; ასევე ცდილობენ, გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია კუპიანსკის მიმართულებით, – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინის არმიის გენშტაბის ანგარიშში, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერაცია ყურადღებას ამახვილებს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციული საზღვრების აღებაზე, მაგრამ წარმატება არ აქვს.
უკრაინის არმიის გენშტაბში აცხადებენ, რომ უკრაინის მასშტაბით კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე მოწინააღმდეგის საჰაერო და სარაკეტო დარტყმის საშიშროება ისევ რჩება. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა ბოლო ერთ დღეში რუსული ჯარების კონცენტრაციის ორი ზონა დაბომბეს.