უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო, რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა
უკრაინის გენშტაბის ცნობით, ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო, რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი დანაკარგის გამო რუსულმა ქვედანაყოფმა ომზე უარი თქვა. ამის შესახებ ნათქვამია ოპერატიულ ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

საუბარია რუსეთის პირველი არმიის მოტომსროლელ ქვედანაყოფზე. ცნობაში აღნიშნულია, რომ ომის გაგრძელებაზე უარს ამბობენ ის ქვედანაყოფებიც, რომლებიც დაკომპლექტებული არიან დონბასის მცხოვრებლებისგან.

დონეცკისა და ლუგანსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სულ შვიდი შეტევის მოგერიება შეძლეს. განადგურებულია 10 ტანკი. შვიდი საარტილერიო სისტემა, ოთხი დაჯავშნილი მანქანა და საბრძოლო მასალის საწყობი. უკრაინის არმიამ შეძლო ხუთი უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება.

ამასთან, უკრაინის ავიაციამ დარტყმები მიიტანა რუსეთის არმიის პოზიციებზე, ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის შეკრების ადგილებზე ხერსონის ხუთ სხვადასხვა დასახლებულ პუნქტში.

რაც შეეხება სხვა მიმართულებებით არსებულ მდგომარეობას, როგორც უკრაინის გენშტაბში ამბობენ, სევერსკის მიმართულებით აქტიური საბრძოლო მოქმედებები რუსეთის მხრიდან არ ჩატარებულა, თუმცა რუსი სამხედროები განაგრძობენ დასახლებული პუნქტების მიმართ ცეცხლის გახსნას.

მათივე ცნობით, სლობოჟანსკის მიმართულებით რუსეთის არმიის 30 ტაქტიკური ბატალიონი იბრძვის. „ისინი სისტემატურ საცეცხლე გავლენას ახდენენ, რათა შეაკავონ უკრაინის თავდაცვის ძალების ქმედებები და არ დაუშვან მათი შემდგომი გადაადგილება სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ხარკოვის ოლქში რუსები ძირითადად თავდაცვით ოპერაციებს ატარებენ, რათა არ დაუშვან უკრაინელი ჯარისკაცების კონტრშეტევა.

სლავიანსკის მიმართულებით, რუსი ჯარისკაცები ამზადებენ პირობებს ახალი შეტევისთვის. დონეცკში რუსეთის არმია აგრძელებს დარტყმებს ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ. გრძელდება საავიაციო და სარაკეტო იერიშები, მათ შორის დასახლებულ პუნქტებზეც.

ლიმანის მიმართულებით, რუს სამხედროებს შეტევა არ განუახლებიათ, თუმცა ცეცხლი გახსნეს დასახლებული პუნქტების – გრიგორევკას და სერებრიანკას მიმართულებით.

ამასთან, როგორც უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რუსები კვლავაც უშედეგოდ ცდილობენ ქალაქ სევეროდონეცკზე სრული კონტროლის დამყარებას.

„ბახმუტის მიმართულებით რუსებმა ავიაციის მხარდაჭერით სცადეს ნირკოვოესა და ნიკოლაევკას დასახლებული პუნქტების შტურმი, თუმცა უკრაინელებმა მათ უკან დაახევინეს. ამასთან, უკრაინის გენშტაბში აცხადებენ, რომ ვოზდვიჟენკას მიმართულებით რუსეთის არმიას გარკვეული წარმატება ჰქონდა და ახლა ამაგრებენ ახალდაკავებულ პოზიციებს. ავდეევკის, კურახოვის, ნოვოპავლოვსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებით, რუსეთის არმია კვლავაც უხსნის ცეცხლს უკრაინელების პოზიციას, მათი შეკავების მიზნით. რაც შეეხება იუჟნობუჟსკის მიმართულებას, რუსები აქ თავდაცვით ოპერაციებს ატარებენ. შეინიშნება დამატებითი ძალების მობილიზაცია და უკვე დაკავებული პოზიციების გამაგრების მცდელობა“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში.