უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების 50-ზე მეტი თავდასხმა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს
უკრაინელმა სამხედროებმა გასული დღის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალების 50-ზე მეტი თავდასხმა ოთხი მიმართულებით მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, რუსი სამხედროები ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებით შეტევითი ოპერაციების ჩატარებაზე ახდენენ.
უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით მტერი აგრძელებს თავდასხმით ოპერაციებს ქალაქ ბახმუტზე, ასევე დონეცკის ოლქის ივანოვსკის ზონაში, ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით კი რუსი სამხედროები თავდაცვით მოქმედებებს ახორციელებენ.
რუსეთის ჯარებმა ერთი სარაკეტო და 16 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, ასევე ათზე მეტჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან.
უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ სამი დარტყმა განახორციელა რუსული ჯარების პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებზე.