უკრაინის გენშტაბის ცნობით, გასულ დღე-ღამეში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის იერიში 13 მიმართულებიდან მოიგერიეს
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსეთის იერიში 13 მიმართულებიდან მოიგერიეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის გენშტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ცნობაშია აღნიშნული, რუსი ოკუპანტების შეტევა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში დასახლებებისკენ იყო მიმართული. მათ შორის ბახმუტის, ავდეევკის, სოლედარისა და მარინკას მიმართულებით.
უკრაინელი სამხედროების ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე 15 საავიაციო და ერთი სარაკეტო დარტყმა მიიტანა. ასევე, 40-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. შედეგად, დაზიანდა დასახლებული პუნქტები ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
უკრაინულმა ავიაციამ ბოლო საბრძოლო დღის განმავლობაში 29 დარტყმა მიიტანა რუსეთის არმიის ცოცხალი ძალისა და ტექნიკის კონცენტრაციის ადგილებზე. დადასტურებულია რომ 21 იერიში წარმატებული იყო. განადგურებულია სამი საყრდენი პუნქტი და ხუთი სარაკეტო-საზენიტო კომპლექსის პოზიცია.
უკრაინის ანტისაჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს რუსული ვერტმფრენი და ავიამოიერიშე „სუ-25“. უკრაინის სარაკეტო ძალებმა კი საარტილერიო დარტყმები მიიტანეს მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის ოთხ ადგილზე. განადგურებულია სამხედრო ტექნიკა და საბრძოლო მასალის ერთი საწყობი.