უკრაინის გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს შეტევა ბახმუტისა და მარინკას მახლობლად, ბრძოლები მიმდინარეობს კოდემასთან და პესკისთან
უკრაინის გენშტაბი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოიგერიეს შეტევა ბახმუტისა და მარინკას მახლობლად, ბრძოლები მიმდინარეობს კოდემასთან და პესკისთან

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია შეტევას ცდილობდა ქალაქ ბახმუტისა და მარინკის მიმართულებით, თუმცა უშედეგოდ. უკრაინელი სამხედროების ცნობით, შედეგად რუსებმა უკან დაიხიეს. ბრძოლა გრძელდება დასახლებულ პუნქტ პესკისთან და ასევე კოდემასთან. რუსეთის არმია ქალაქ ბახმუტს და მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს ტანკებიდან და საარტილერიო დანადგარებიდან უხსნიდა ცეცხლს. ამასთან, უკრაინის გენშტაბში აღიარებენ, რომ მტერს გარკვეული წინსვლა ჰქონდა გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით. საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ავდეევკის მიმართულებითაც. ხარკოვის ოლქში კი რუსეთი კვლავ იყენებს რეაქტიულ არტილერიას.

სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ქალაქ ხარკოვზეც. ხარკოვის მერის ცნობით, რაკეტები ჩამოვარდა ნოვობოვარის, სლობოდისა და კიევის რაიონებში.

რუსეთის არმია ცეცხლს ხსნიდა ქალაქ სლავიანსკისა და კრამატორსკის მიმართულებითაც. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელი სამხედროები მტერს ზიანს აყენებენ ყველა იმ მიმართულებით, სადაც რუსეთის არმია შეტევა ცდილობს.

ადგილობრივი ხელისუფლება იუწყება, რომ გუშინდელი ღამე რთული იყო ხერსონშიც, სადაც ისმოდა აფეთქებების ხმა. ამასთან ერთად, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩხრეკა ჩაატარეს და რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

ამავე დროს, სამხრეთის მიმართულებით აგრძელებს მუშაობას უკრაინული ავიაცია. უკრაინული მხარის ცნობით, ანდრეევკასთან და ბრუსკინსკოესთან იერიშის შედეგად, განადგურებულია რუსეთის სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა. კერძოდ, ლიკვიდირებულია 19 რუსი სამხედრო, ოთხი საბრძოლო მანქანა და საბრძოლო მასალის ერთი საწყობი.

პარალელურად, „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, რომ 9 აგვისტოს ყირიმზე მიტანილი იერიში სავარაუდოდ უკრაინის სპეცდანიშნულების ძალებმა განახორციელეს. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ საკის აეროდრომზე აფეთქება შესაძლოა, უპილოტო საფრენი აპარატებით ან წინასწარ დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებით მოაწყეს.