უკრაინის გენშტაბი – უკრაინის ძალების თავდაცვითი ოპერაცია კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში გრძელდება, ვითარება რთულია, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები გარკვეულ პოზიციებს ინარჩუნებენ
FILE PHOTO: A crossing point on the border with Russia a is seen, amid Russia's attack on Ukraine, near the Russian border in Sumy region, Ukraine August 11, 2024. REUTERS/Viacheslav Ratynskyi/File Photo
უკრაინის გენშტაბი უარყოფს რუსეთის ხელისუფლების განცხადებას კურსკის ოლქზე კონტროლის სრულად აღდგენის შესახებ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, რომ კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში უკრაინის თავდაცვითი ოპერაცია გრძელდება. უკრაინის გენშტაბის ცნობით, კურსკის ოლქში ვითარება რთულია, თუმცა უკრაინის დანაყოფები გარკვეულ პოზიციებს ინარჩუნებენ.
„უკრაინის თავდაცვის ძალების თავდაცვითი ოპერაცია კურსკის ოლქის გარკვეულ რაიონებში გრძელდება. ოპერატიული ვითარება რთულია, მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფები გარკვეულ პოზიციებს ინარჩუნებენ და დაკისრებულ ამოცანებს ასრულებენ. ამასთან ერთად, მოწინააღმდეგეზე ეფექტიან დარტყმებს ახორციელებენ ყველა სახის იარაღიდან, მათ შორის იყენებენ აქტიური თავდაცვის ტაქტიკას“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.
უკრაინული მხარის ცნობით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა კურსკის ოლქში ხუთი შეტევა მოიგერიეს, ერთი საბრძოლო შეტაკება კი ამ დრომდე გრძელდება.
უკრაინის გენშტაბში რუსული მხარის განცხადებას პროპაგანდისტულ ხრიკს და სასურველის რეალობად წარმოჩენის სურვილს უწოდებენ. უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ უკრაინული დანაყოფები აქტიურ მოქმედებებს ბელგოროდის ოლქშიც განაგრძობენ.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კურსკის ოლქი სრულად განთავისუფლებულია უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან.