უკრაინის გენშტაბი – უკრაინელმა სამხედროებმა რუსული არმიის იერიში დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს

11:44, 21.01.2023

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის არმიის შეტევა დონეცკისა და ლუგანსკის 12 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს.

მათივე ინფორმაციით, დღე-ღამეში რუსეთის არმიამ შვიდი სარაკეტო დარტყმა განახორციელა. მათ შორის კრამატორსკსა და გულაიპოლეზე. ასევე, 15 საავიაციო იერიში მიიტანა და 68-ჯერ გაისროლა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.

უკრაინის გენშტაბი ასევე იუწყება, რომ რუსეთმა შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს მიმართულებითაც.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბოლო დღე-ღამეში 18 დარტყმა მიიტანეს რუსების ცოცხალი ძალისა და სამხედრო ტექნიკის შეკრების ადგილებზე. ჩამოგდებულია ორი რუსული უპილოტო საფრენი აპარატი, განადგურებულია ორი სამხედრო საწყობი.

მსგავსი