უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ხუთი მიმართულებით ახორციელებს
უკრაინის გენშტაბი - რუსეთის ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ხუთი მიმართულებით ახორციელებს

რუსეთის საოკუპაციო ჯარი ცალკეულ მიმართულებებზე გადაჯგუფებას ატარებს და შეტევას ახორციელებს ხუთი მიმართულებით. ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ყოველდღიურ მიმოხილვაში.

გენშტაბის ცნობით, მოწინააღმდეგე შეტევით მოქმედებებს მიმართავს კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და ნოვოპავლოვკის მიმართულებებზე.

„ოკუპანტები კვლავ დანაკარგს განიცდიან. დაჭრილების რეაბილიტაციისთვის, სამოქალაქო პირებს ამოფარებულმა მოწინააღმდეგემ მორიგი სამხედრო ჰოსპიტალი მოაწყო ხერსონის ოლქში. კაირის ფსიქონევროლოგიური სახლ-ინტერნატის პირველ სართულზე განათავსეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედროები, სამოქალაქო პაციენტები კი სხვა სართულებზე გადაიყვანეს“, – ნათქვამია გენშტაბის შეჯამებაში.

უკრაინის გენშტაბის მონაცემებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მტერმა ექვსი სარაკეტო და 24 საავიაციო დარტყმა განახორციელა, 75-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, ძირითადად ხარკოვის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის და ხერსონის ოლქებში სამოქალაქო ობიექტების მიმართულებით. არის მსხვერპლი მოქალაქეებს შორის.

უკრაინის ძალებმა 17 დარტყმა განახორციელეს ოკუპანტების ცოცხალი ძალის კონცენტრაციის რაიონებზე.