უკრაინის გენშტაბი - მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტსა და მარინკაში, რუსი სამხედროები ახორციელებენ მრავალრიცხოვან თავდასხმებს
უკრაინის გენშტაბი - მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტსა და მარინკაში, რუსი სამხედროები ახორციელებენ მრავალრიცხოვან თავდასხმებს

უკრაინაში მძიმე ბრძოლები ბახმუტსა და მარინკაში მიმდინარეობს, სადაც რუსი სამხედროები ახორციელებენ მრავალრიცხოვან თავდასხმებს და ტერიტორიას ცეცხლგამჩენი და ფოსფორის საბრძოლო მასალით ბომბავენ, – ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის არმიის გენშტაბზე დაყრდნობით წერს.

უკრაინის არმიის აღმოსავლეთის დაჯგუფების მეთაურმა, ალექსანდრე სირსკიმ განაცხადა, რომ რუსები ყველანაირად ცდილობენ ბახმუტის ხელში ჩაგდებას 9 მაისამდე, უკრაინელი ჯარისკაცების ამოცანა კი არის  ქალაქის შენარჩუნება ამ თარიღამდე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა არტილერიითა და სამხედრო ავიაციით დნეპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონები დაბომბეს. დაბომბვის შედეგად დაინგრა საცხოვრებელი სახლები, ასევე დაზიანდა გაზის მაგისტრალი და ელექტროგადამცემი ხაზები.

პარალელურად, უკრაინის არმიამ გაანადგურა რუსული საბრძოლო მასალის საწყობები, სამეთაურო პუნქტები, აგრეთვე დაბომბა ტერიტორიები, სადაც სამხედრო პერსონალი და აღჭურვილობა იყო კონცენტრირებული.