უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი - ომის შემდეგ პირველი მატჩი დონეცკის სტადიონზე გაიმართება #1TVSPORT
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ანდრეი პაველკომ „Football.ua“-სთან ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა. მისი თქმით, ომის გამო, ფედერაციის ოფისი კიევიდან დასავლეთ უკრაინაში გადაიტანეს, მაგრამ აგრესორზე გამარჯვების იმედი გამოთქვა და ჩანაფიქრი გაამხილა:
„როდესაც საომარი მოქმედებები დაიწყო, ჩვენც საომარ მდგომარეობაში ვართ. გვაქვს ძალიან მობილური შტაბი, ვეხმარებით ათასობით ბავშვს, ათასობით ოჯახს უსაფრთხო ადგილებში, საზღვარგარეთ გადაადგილებაში. უამრავი ბავშვი უკვე გაგზავნეს ევროპის ქვეყნებსა და კლუბებში, რომლებმაც შემოგვთავაზეს დახმარება. ხალხს და ქვეყანას ვეხმარებით ჰუმანიტარული და სამედიცინო ტვირთების გადატანაში, ასევე, ბავშვების, ოჯახების ევაკუაციაში. ჩვენმა მეგობრებმა მთელი ევროპიდან და მსოფლიოდან მოგვმართეს, რომ ოფისი მათ ქვეყანაში გადაგვეტანა. ასევე შემომთავაზეს, პირადად მე და ჩემი ოჯახი რომ წავსულიყავით. მადლობა ყველას, მაგრამ მთელი ჩვენი საფეხბურთო ოჯახი, მე და ჩემი ოჯახი ვიქნებით უკრაინაში გამარჯვების დღემდე და იმ მომენტამდე, სანამ ჩვენს მიწაზე მოსულ ფაშიზმს დავამარცხებთ. დიდი ხნის განმავლობაში ვარჩევდით ადგილს და საბოლოოდ, გადავედით ზაკარპატიეს რეგიონში, რადგან ის ყველაზე შესაფერისი იყო ლოჯისტიკის თვალსაზრისით. სხვა საკითხებთან ერთად, იქვე, უჟგოროდში გადავიდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინა“, – განაცხადა პაველკომ.
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე გაამხილა, სად გეგმავს ომის შემდეგ პირველი მატჩის ჩატარებას:
„როდესაც ჩვენს მიწას რუსი ფაშისტებისგან გავათავისუფლებთ, მინდა და ვგეგმავ, რომ ომის შემდეგ პირველი მატჩი დონეცკის „დონბას არენაზე“ გავმართოთ, ეს საუკეთესო საჩუქარი იქნება ყველა ჩვენი გულშემატკივრისთვის. და, რა თქმა უნდა, სიმფეროპოლის სტადიონზე თამაშიც გვსურს, სადაც „ტავრია“ პირველად გახდა უკრაინის ჩემპიონი, ყველანი ველოდებით და ვიცით, რომ ძლიერი ადამიანებით და პიროვნებებით, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას ეხმარებიან, უკრაინა გაიმარჯვებს. პრეზიდენტი ზელენსკი არის უძლიერესი ლიდერი, რომელიც აჩვენებს საუკეთესო თვისებებს მსოფლიო პოლიტიკასა და ქვეყნის შიგნით. უკრაინის შეიარაღებული ძალები არის საუკეთესო და უძლიერესი არმია, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოს აჩვენებს, თუ როგორ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი მიწა. ჩვენთან არის ღმერთი და სიმართლე. ბევრი ადამიანი იყო ჩემთვის აღმოჩენა. ნახეთ, როგორ დაბრუნდა ვერნიდუბი უკრაინაში „შერიფში“ წარმატებული მუშაობის მიუხედავად და იცავს ქვეყანას. ისევე როგორც სტახოვსკი, უსიკი და სხვა დიდი სპორტსმენები. ზოგიერთი მწვრთნელი და სპორტსმენი არ ბრუნდება, მაგრამ ისტორია ყველას შეაფასებს და პირიქით, ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ჩვენი გმირებით – ფრონტის ხაზზე მყოფებით, ქვეყანაში დაბრუნებულებით, ტერიტორიულ თავდაცვაში გაერთიანებულებით და უკრაინის შეიარაღებული ძალებით. დარწმუნებული ვარ, გამარჯვება ჩვენი იქნება. ღმერთი და სიმართლე ჩვენთანაა და ჩვენ გავიმარჯვებთ!“, – ამბობს პაველკო.