უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ქართველი კანდიდატიც იქნება
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ქართველი კანდიდატიც იქნება

საფეხბურთო ტელეარხის, „ფეხბურთის“ ექსპერტმა მიხეილ მეტრეველმა განაცხადა, რომ უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

„უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას ოფიციალურად ვაყენებ. არცერთ კლუბი გვერდში არ დამდგომია და არავისთან მითათბირია, არც მხარდაჭერა მითხოვია. წარმოდგენილი იქნება პროგრამა, რომლითაც ჩვენი გუნდი მოდის. კლუბების შეხედულებებს ამის შემდეგ მოვუსმენთ, მხარს დაუჭერენ თუ არა ამ პროგრამას”, – თქვა მეტრეველმა.

უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 27 აპრილს უნდა ჩატარდეს, თუ კარანტინის გამო კიდევ ერთხელ არ გადაიდო. ამ პოსტზე კანდიდატურის წამოყენების სურვილი აქამდე მხოლოდ ლვოვის ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრ შევჩენკომ გამოხატა.

50 წლის მიხეილ მეტრეველი დონეცკის რაიონის ქალაქ მაკეევკაში დაიბადა და უკრაინის მოქალაქეა. პროფესიით სპორტული ჟურნალისტი წლების განმავლობაშ იყო ტელეწამყვანი, მედია-მენეჯერი და საფეხბურთო ფუნქციონერი.

2001-2004 წლებში სატელევიზიო არხ „უკრაინას“ სპორტულ რედაქციას ხელმძღვანელობდა. 2000-იანი წლების დასაწყისში იყო ავტორი და წამყვანი სატელევიზიო პროგრამების – „ფეხბურთის მიმოხილვა“ და „საფეხბურთო სახეები“. არის ყოველთვიური გამოცემა „საფეხბურთო სახეების“ დამფუძნებელი და გამომცემელი.

2010-2014 წლებში იყო უკრაინის ეროვნული სატელევიზიო კომპანია (NTKU)-ს გენერალური დირექტორის მოადგილე ევრო-2012-ის დარგში, ხელმძღვანელობდა ევროპის ჩემპიონატის მატჩების ტრანსლაციების ტექნიკური და კრეატიული საკითხების, თანმხლები პროგრამებისა და სარეკლამო მასალებს მომზადებას. ამას გარდა, კოორდინაციას უწევდა NTUK-ის საქმიანობას უკრაინის მინისტრთა კაბინეტთან, ევრო 2012-ის საორგანიზაციო კომიტეტთან, უეფა-ს შტაბთან და უკრაინისა და პოლონეთის ეროვნულ საფეხბურთო ასოციაციებთან. შემდეგ NTKU-ს გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე გახდა. 2018 წლიდან ტელეარხების, „ფეხბურთი 1“ და „ფეხბურთი 2“-ის ექსპერტია.

როგორც მეწარმე და კონსულტანტი, ცნობილია მენეჯერული საქმიანობითაც. შეისწავლა ევროპის საკლუბო ჩემპიონატების და საფეხბურთო კლუბების (უკრაინული, ბელგიური, ჰოლანდიური, ფრანგული, ქართული) სტრუქტურები და განვითარების პროცესები. ამავე დროს, ახალგაზრდა ფეხბურთელების კარიერული მართვისა და განვითარების ექსპერტია.

მიხეილ მეტრეველი უცხოეთში ბევრი ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერში მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი არაბიძე დონეცკის „შახტარში“ გადაიყვანა.