უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოლგა სტეფანიშინას ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს

16:14, 05.08.2026

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ყოფილ ვიცე-პრემიერსა და აშშ-ში ყოფილ ელჩს, ოლგა სტეფანიშინას უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს. ამის შესახებ „რბკ-უკრაინა“ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

უმაღლესი ანტიკორუფციული სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

გავრცელებული ინფორმაციით, სხდომის დაწყებისას სტეფანიშინას ადვოკატებმა სასამართლოს სთხოვეს, პროცესი დახურულ რეჟიმში წარმართულიყო.

ცნობისთვის, 2025 წლის ივლისში სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო სტეფანიშინას შესაძლო უკანონო ქმედებების გამო. საქმე ეფუძნებოდა „უკრაინსკაია პრავდის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში ასახულ ფაქტებს. საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.

მედიაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტეფანიშინა ცხოვრობდა ბინაში, რომელიც დედას ეკუთვნის, თუმცა ეს უძრავი ქონება დეკლარაციაში არ იყო მითითებული.

ამასთან, „უკრაინსკაია პრავდის“ გამოძიების თანახმად, სტეფანიშინასთან დაახლოებულმა პირებმა მართვაში მიიღეს ოთხი მსხვილი უძრავი ქონების ობიექტი, მათ შორის მაიდანზე მდებარე პროფკავშირების სახლი.

ამასთან, ოლგა სტეფანიშინას სახელი არაერთ ჟურნალისტურ გამოძიებაში ფიგურირებდა. კერძოდ, 2019 წელს მას ბრალი წარუდგინეს ე.წ. ლუკაშის საქმეში, რომელიც ეხებოდა მის საქმიანობას იუსტიციის სამინისტროში, როდესაც სამინისტროს ელენა ლუკაში ხელმძღვანელობდა.

გამოძიების ვერსიით, საქმე ეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შესაძლო გაფლანგვას, რომელიც უკრაინული კანონმდებლობის კვლევის ტენდერთან იყო დაკავშირებული. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი დღემდე გრძელდება.

3 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. თავად სტეფანიშინამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო და აღნიშნა, რომ ვაშინგტონში ჩასვლისას დასახული ძირითადი ამოცანები უკვე შეასრულა.

მსგავსი