უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელი – ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა შემდგომ ექსჰუმაციაზე ნებართვები პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გაიცემა
ვოლინის ტრაგედიის მსხვერპლთა შემდგომ ექსჰუმაციაზე ნებართვები პრაქტიკულად დაუყოვნებლივ გაიცემა, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ ალფიოროვმა განაცხადა.
ალფიოროვის თქმით, უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, ექსჰუმაციას წინ უნდა უძღოდეს სამძებრო სამუშაოები. მათ ჩატარებაზე ნებართვას გასცემს კულტურის სამინისტრო, ხოლო უშუალოდ ექსჰუმაციის ნებართვას – უკრაინის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის კომისია.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ჩვეულებრივ, საჭიროა გარკვეული დრო ექსჰუმაციის ნებართვის მისაღებად. ამასთან, გავრცელებული ცნობით, არსებული პირობებიდან გამომდინარე, კომისია ამჟამად ძალიან ოპერატიულად მუშაობს, ამიტომ სამძებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ ნებართვები ფაქტობრივად მაშინვე გაიცემა.
ამჟამად ექსჰუმაციები მიმდინარეობს ოსტროვკისა და ვოლა-ოსტროვიეცკას ტერიტორიებზე. შემდეგი სამუშაოები, სავარაუდოდ, მომავალ წელს ჩატარდება გუტა-პენიაცკაში, სადაც ივნისში ადამიანების სამარხი აღმოაჩინეს.
გასულ წელს უკრაინამ, მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, კვლავ აღადგინა საკუთარ ტერიტორიაზე პოლონელი მსხვერპლების მოძიებისა და ექსჰუმაციის სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა. მას შემდეგ შესაძლებელი გახდა: პუჟნიკის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლთა ექსჰუმაცია და ხელახალი დაკრძალვა; ასევე იმ პოლონელი სამხედროების ნეშტების ამოღება, რომლებიც 1939 წლის სექტემბრის კამპანიის დროს დაიღუპნენ.