უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - რუსეთის არმია უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბომბავს
რუსეთის არმია უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ბომბავს, – ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშენკომ განაცხადა.
უკრაინის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, დაბომბვის შედეგები გაირკვევა, როგორც კი უსაფრთხოების ვითარება დასტაბილურდება.
რუსეთის თავდასხმის სამიზნეა დასავლეთ უკრაინის რეგიონები.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, ვოლინის რეგიონის ქალაქ ლუცკში სარაკეტო იერიშის გამო წყალმომარაგება და გათბობის სისტემა ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადართეს. ქალაქში შეწყდა სასწავლო პროცესი.
რივნეს ოლქის ხელმძღვანელობაში ამბობენ, რომ რეგიონში 280 ათასზე მეტი აბონენტი ელექტრომომარაგების გარეშეა დარჩენილი, ასევე არის წყალმომარაგების პრობლემა.
აფეთქებები ასევე ისმოდა ივანო-ფრანკოვსკში, ლვოვში და ხმელნიცკში. ელექტროენერგია გაითიშა ჟიტომირშიც, რის გამოც წყალმომარაგების ობიექტები გენერატორებით მუშაობენ.
ამ დროისთვის ლვოვის რეგიონში 500 ათასზე მეტი აბონენტი დარჩა ელექტროენერგიის გარეშე.