უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთი ომში Рассвет-ის თანამგზავრებს იყენებს
საილუსტრაციო ფოტო
უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო კავშირის უზრუნველსაყოფად, რუსეთი უკვე იყენებს თავის თანამგზავრულ სისტემა Рассвет-ს, რათა, მისი საშუალებით, მოიერიშე დრონების სიზუსტე გაზარდოს და უპილოტო საფრენ აპარატებთან კავშირის ჩახშობა გაართულოს.
ამ საკითხზე „როიტერთან“ კომენტარი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ გააკეთა.
უწყების ცნობით, მიმდინარე წელს, ორ ეტაპად – მარტსა და ივლისში – რუსეთმა ორბიტაზე Рассвет-ის 32 თანამგზავრი განალაგა. ოქტომბერში რუსეთის მთავრობამ დაადასტურა, რომ ქვეყანამ კოსმოსურ ორბიტაზე 30-ზე მეტი თანამგზავრი გაუშვა.
უკრაინის დაზვერვა ასევე იუწყება, რომ წლის ბოლომდე მოსკოვი ორბიტაზე Рассвет-ის თანამგზავრების გაყვანას კიდევ აპირებს, რათა სატელიტირი ქსელით გეოგრაფიული დაფარვის არეალი გააფართოოს და ის თანდათან დედამიწის დაბალ ორბიტაზე განთავსებულ სრულფასოვან თანამგზავრულ საკომუნიკაციო სისტემად აქციოს.
„თანამგზავრულ სისტემა Рассвет-ს რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო მიზნებისთვის იყენებს. ამჟამად თანამგზავრების რაოდენობა საკმარისი არ არის უკრაინის ტერიტორიის უწყვეტი დაფარვის უზრუნველსაყოფად. კავშირი მხოლოდ პერიოდულად არის ხელმისაწვდომი, როდესაც თანამგზავრები შესაბამის ტერიტორიებს გადაუფრენენ“, – ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენელი, ანდრეი იუსოვი.
მისივე თქმით, Рассвет-ს პოტენციურად შეუძლია, მზვერავ დრონებს მისცეს საშუალება, რეალურ დროში გადასცენ მონაცემები რუს ოპერატორებს, რომლებიც, თავის მხრივ, ფრენის მარშრუტს შეასწორებენ.
ამან, სავარაუდოდ, სამიზნეების ადგილმდებარეობის ცვლილებებთან უპილოტო საფრენი აპარატების ადაპტირებას და საჰაერო თავდაცვის სისტემებისათვის თავის არიდებას უნდა შეუწყოს ხელი.
„გრძელვადიან პერსპექტივაში, Рассвет-მა, შესაძლოა, მოიერიშე და მზვერავი დრონების ეფექტურობა გაზარდოს და რადიოელექტრონული ბრძოლისა და რადიოელექტრონული დაზვერვის სისტემების მიერ მათი განეიტრალება გაართულოს“, – აღნიშნა იუსოვმა.
რა არის ცნობილი თანამგზავრული სისტემა Рассвет-ის შესახებ
Рассвет-ი, უპირველეს ყოვლისა, რუსული სამხედრო საკომუნიკაციო სისტემაა. მომავალში მოსკოვი შეიარაღებული ძალებისთვის მის გამოყენებას გეგმავს – სტრატეგიული კომუნიკაციისა და ჯარების მართვის კონტროლის უზრუნველსაყოფად, სააბონენტო ტერმინალებით სამეთაურო პუნქტებისა და სამხედრო ტექნიკის აღჭურვისთვის, უპილოტო სისტემების საბრძოლო გამოყენების და თავდაცვის სამინისტროს ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
უკრაინისთვის ასევე უკვე ცნობილია სარაკეტო შეიარაღებისთვის სამიზნე მონაცემების მიწოდების კოსმოსურ სისტემაში Рассвет-ის თანამგზავრების ინტეგრირებისა და „ისკანდერ-М“ ტიპის ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის სამეთაურო-საშტაბო მანქანების სააბონენტო ტერმინალებით აღჭურვის გეგმები.
ამ გეგმების მიხედვით, ძირითადად, უნდა მოხდეს უკრაინისა და ევროკავშირის ტერიტორიების დაფარვა. საკმარისი დაფარვის მიღწევის შემდეგ, კრემლმა, შესაძლოა, ეს სისტემა სხვა ქვეყნების წინააღმდეგ ჰიბრიდულ ოპერაციებში გამოიყენოს.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი, Рассвет-ის სახით, ამერიკული Starlink-ის თანამგზავრული ინტერნეტ-სისტემის საკუთარი ანალოგის შექმნაზე მუშაობდა, მიმდინარე წლის მაისში გახდა ცნობილი.
ოქტომბერში უკრაინამ მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასა და ამერიკის კონგრესს, დააწესონ სანქციები იმ რუსული კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც Рассвет-ის თანამგზავრულ პროგრამაში არიან ჩართულნი.