უკრაინის დაზვერვა: მოსკოვი ყირიმის დაფინანსებას ამცირებს. ოკუპანტებმა წყალსაცავების დაპირებული პროექტები ფაქტობრივად გაყინეს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს შევრონი
რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლების მიერ ყირიმში ახალი წყალსაცავების მშენებლობის შესახებ დაანონსებული პროექტები, შესაძლოა, დაფინანსების ნაკლებობის და კორუფციის გამო ჩაიშალოს. საუბარია სოლნეჩნოგორსკისა და მარტოვსკის წყალსაცავების მშენებლობაზე, რომლებმაც ნახევარკუნძულის სამხრეთ სანაპიროს, მათ შორის, იალტისა და ალუშტის სასმელი წყლით მომარაგება უნდა უზრუნველყონ.
ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ (ГУР МО) 18 ნოემბერს განაცხადა.
საოკუპაციო ადმინისტრაციის დაპირებების მიუხედავად, ორივე პროექტის განხორციელება ჭიანურდება. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, მოსკოვი ფედერალური პროგრამების ფარგლებში ყირიმისთვის გამოყოფილ ხარჯებს ამცირებს. ამავდროულად, მკვეთრად იზრდება სამშენებლო ხარჯთაღრიცხვა.
კერძოდ, ბოლო წლებში რამდენიმე ათეულ მილიარდ რუბლამდე გაიზარდა სოლნეჩნოგორსკის წყალსაცავის მშენებლობის ღირებულება, მარტოვსკის წყალსაცავის პროექტს კი დამატებითი პრობლემები მეწყრის საფრთხისა და დოკუმენტაციის არაერთგზის გადამუშავების აუცილებლობის გამო შეექმნა.
„მარტოვსკისა და სოლნეჩნოგორსკის წყალსაცავების პროექტები, ფაქტობრივად, გაჩერებულია“, – ნათქვამია ГУР МО-ს ინფორმაციაში.
ამჟამად ასევე დაუსრულებელია წყალსადენის მაგისტრალის მშენებლობა, რომლითაც წყალი ბელოგორსკის რაიონის სოფლებიდან – კულ-თამაქიდან და ნოვოგრიგორიევკიდან, ასევე ჯანკოის მახლობლად მდებარე სოფელ პროსტორნიდან ფეოდოსიას და ქერჩს უნდა მიეწოდოს.
გარდა ამისა, უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის რუსეთის მიერ გაწეული ხარჯების ზრდის ფონზე, ოკუპირებულ ყირიმში განვითარების პროგრამების დაფინანსებაც მცირდება.
„ოქტომბრის ბოლოსთვის არსებული მდგომარეობით, „ყირიმის რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის“ ფარგლებში გაწეულმა ხარჯებმა 88 მილიარდი რუბლი შეადგინა. ეს თანხა 2026 წლისთვის გათვალისწინებულ დაფინანსებაზე (91,4 მილიარდი რუბლი) 3,7 პროცენტით, ხოლო გასულ წელს ამავე პროგრამის ფარგლებში დახარჯულ თანხაზე (112,9 მილიარდი რუბლი) 22 პროცენტით ნაკლებია. 2027-2029 წლებში მოსკოვი ამ პროგრამისთვის გათვალისწინებული დაფინანსების კიდევ უფრო შემცირებას გეგმავს. აქედან ჩანს, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება ყირიმში სასმელი წყლის დეფიციტის პრობლემის მოგვარებას არ აპირებს“, – იუწყება უკრაინის დაზვერვა.
ამავდროულად, საოკუპაციო ხელისუფლება განაგრძობს ჭაბურღილებიდან წყლის აქტიურ მოპოვებას, რაც მის მინერალიზაციასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. გარდა ამისა, დაზვერვის ექსპერტების შეფასებით, ნახევარკუნძულის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.
„რუსულმა ოკუპაციამ ყირიმში დაღმასვლა და ცხოვრების დონის დაცემა გამოიწვია; მტკნარი წყლის კრიზისი ამ რეგიონის სტაგნაციის მხოლოდ ერთ-ერთი მაჩვენებელია. ოკუპანტებს წყლის დეფიციტის პრობლემის მოგვარება არ შეუძლიათ საოკუპაციო ადმინისტრაციაში კორუფციის მაღალი დონის, მოსკოვის მხრიდან დაფინანსების ნაკლებობისა და არაადეკვატური საპროექტო გადაწყვეტილებების გამო. შესაბამისად, ოკუპირებულ ყირიმში წყალმომარაგების კუთხით არსებულ ვითარებას გაუარესების მყარი ტენდენცია აქვს“, – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსები.
აპრილში ოკუპანტებმა პირობა დადეს, რომ სოლნეჩნოგორსკის წყალსაცავს ალუშტაში 2030 წლისთვის ააშენებდნენ. ამისთვის მათ 12,5 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 6 მილიარდი გრივნის) დახარჯვა ჰქონდათ დაგეგმილი.
მანამდე, უკრაინის დაზვერვა იუწყებოდა, რომ ოქტომბრის დასაწყისში ყირიმის წყალსაცავები, საშუალოდ, 45%-ით იყო შევსებული, მაშინ როცა ბუნებრივი ჩამონადენის მქონე წყალსაცავებიდან წყალი იმაზე სამჯერ უფრო სწრაფად იხარჯებოდა, ვიდრე ივსებოდა.
დამატებითი პრობლემა წარმოიშვა 2023 წელს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ ჩრდილოეთ ყირიმის არხის გამოყენების შეზღუდვის გამო. დაზვერვის სამსახური საზოგადოებას აფრთხილებს, რომ მიწისქვეშა წყლის რესურსების შემდგომმა გამოფიტვამ, შესაძლოა, ყირიმში სასოფლო-სამეურნეო მიწებისა და წყლის ეკოსისტემების დეგრადაცია გამოიწვიოს.