უკრაინის დაზვერვა - კრემლი მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება, მიზანი სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლაა
უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით, რუსეთი შობის წინა დღეს ან შობის დღესასწაულზე მასშტაბური პროვოკაციისთვის ემზადება, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვება.
„უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური გაფრთხილებთ, რომ კრემლი სპეცოპერაციის გაგრძელებას გეგმავს, რომლის მიზანიც არის აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლა. ეს ოპერაცია კომპლექსური ხასიათისაა. პუტინის რეზიდენციაზე ე.წ. თავდასხმის შემდეგ ვაფიქსირებთ კრემლის მიერ ახალი ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, რათა რუსული და უცხოური აუდიტორია შემდგომი ესკალაციისთვის მოემზადოს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, დაზვერვის ინფორმაციის თანახმად, პროვოკაციის ადგილი შეიძლება იყოს რელიგიური შენობა ან სხვა ადგილი, რომელსაც აქვს სიმბოლური მნიშვნელობა.