უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთში იძულებით დეპორტირებული 373 ბავშვი დაიბრუნა
უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენის ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთში იძულებით დეპორტირებული 373 ბავშვი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთიდან 373 ბავშვი დაიბრუნა. უკრაინის ხელისუფლების ხელთ არსებული ინფორმაციით, რუსეთში იძულებით დეპორტირებულია 19 499 ბავშვი, თუმცა მათი რაოდენობა, შესაძლოა, 200-300 ათასს აღწევდეს. ამის შესახებ უკრაინის ბავშვთა ომბუდსმენმა, დარია გერასიმჩუკმა „ინტერფაქს-უკრაინასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენი გაანგარიშებით, საუბარი შეიძლება იყოს 200-300 ათას ბავშვზე, რომელთა გამოყენებაც მათ შეეძლოთ. რატომ არ ვასახელებთ ზუსტ ციფრს? უპირველეს ყოვლისა, ტერიტორიები ოკუპირებულია. არ არის ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რა შეემთხვათ ბავშვებს. მხოლოდ დასახლებული პუნქტის დეოკუპაციის შემდეგ შეგვიძლია, გვქონდეს ზუსტი ცნობები – არის თუ არა იქ ოჯახი ამა თუ იმ ბავშვით. თუ არ არის, ვიწყებთ ძებნას“, – განაცხადა ომბუდსმენმა.

დარია გერასიმჩუკის ცნობით, აღრიცხულ 19 499 ბავშვთან დაკავშირებით სახელმწიფოს აქვს თითოეულის პერსონალური მონაცემები, ინფორმაცია, ვინ არიან ეს ბავშვები და საიდან გაიტაცეს. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ იცის, სად არიან ისინი.