უკრაინის ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ოლგა სტეფანიშინასთვის 13.3 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა, ბრალდებულმა კი სასამართლოს გირაოს შემცირება სთხოვა
უკრაინის სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ შესაძლო უკანონო ქმედებების საქმეზე აშშ-ში უკრაინის ყოფილი ელჩისთვის, ოლგა სტეფანიშინასთვის 13.3 მილიონი გრივნის ოდენობის გირაოს შეფარდება მოითხოვა.
მედიის ინფორმაციით, სასამართლო გადაწყვეტილებას 6 აგვისტოს გამოაცხადებს.
სასამართლო სხდომაზე სტეფანიშინამ განაცხადა, რომ პროკურორის მიერ შემოთავაზებული გირაოს თანხა მისთვის ძალიან ბევრია. მან სასამართლოს გირაოს შემცირება სთხოვა და ამის მიზეზად აშშ-დან უკრაინაში დაბრუნებასა და სასამართლო პროცესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების გაწევა დაასახელა.
ცნობისთვის, ოლგა სტეფანიშინას უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ბრალდება ოფიციალურად წარუდგინეს.
2025 წლის ივლისში სპეციალურმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ სისხლის სამართლის წარმოება დაიწყო სტეფანიშინას შესაძლო უკანონო ქმედებების გამო. საქმე ეფუძნებოდა „უკრაინსკაია პრავდის“ ჟურნალისტურ გამოძიებაში ასახულ ფაქტებს. საუბარია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე.
3 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლგა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. თავად სტეფანიშინამ განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება თავად მიიღო.