უკრაინელთა 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ ზელენსკის პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გარემოცვის კორუფციულ ქმედებებზე

12:03, 29.09.2026
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოდის. 2026 წლის 23 სექტემბერი (ფოტო გადაღებულია ხანგრძლივი ექსპოზიციით)

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე სიტყვით გამოდის. 2026 წლის 23 სექტემბერი (ფოტო გადაღებულია ხანგრძლივი ექსპოზიციით)

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა (KIIS) ჩაატარა გამოკითხვა იმის შესახებ, თუ რა აწუხებთ უკრაინელებს ამჟამად ყველაზე მეტად. რესპონდენტთა უმრავლესობამ ყველაზე მტკივნეულ პრობლემებად ხელისუფლებაში არსებული კორუფცია (50%) და რაკეტებით და დრონებით განხორციელებული მასშტაბური თავდასხმები (40%) დაასახელა. მოქალაქეთა 72%-ს სჯერა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გარემოცვის კორუფციულ ქმედებებზე.

მოსახლეობის ასეთ განწყობები კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის (KIIS) მიერ 2026 წლის 12-21 სექტემბერს ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით დასტურდება.

„აღსანიშნავია, რომ 53-მა პროცენტმა (მთლიანობაში) დაასახელა ან „რაკეტებით და დრონებით განხორციელებული მასშტაბური დარტყმები“ ან „ვითარება ფრონტის ხაზზე“ (ან ორივე ერთად); სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ომი, როგორც საზოგადოებრივი წუხილის ფაქტორი, კორუფციის პრობლემას უტოლდება“, – ხაზგასმით აღნიშნა ინსტიტუტმა.

ამასთანავე, 64-მა პროცენტმა (მთლიანობაში) მთავარ პრობლემად დაასახელა ან „კორუფცია ხელისუფლებაში“, ან „ხელისუფლების არაკომპეტენტურობა“ – ანუ, ხელისუფლებით უკმაყოფილება ოდნავ უფრო ხშირად დასახელდა, ვიდრე ომი.

გამოკითხვის შედეგების თანახმად, უკრაინელებისთვის პრობლემურ საკითხებს შორის ასევე დასახელდა: ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი და არაკომპეტენტურობა (30%), დაბალი შემოსავლები (28%), სამხედრო გაწვევის ტერიტორიული ცენტრების საქმიანობა (24%), ფასების ზრდა (23%) და ვითარება ფრონტის ხაზზე (21%).

ამასთან, გამოკითხულთა 72%-ს სჯერა, რომ ქვეყანაში კორუფციის დონე ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. 6%-მა განაცხადა, რომ ის შემცირდა, დანარჩენების აზრით კი, მისი დონე უცვლელი დარჩა, ან პასუხის გაცემა გაუჭირდათ.

გარდა ამისა, უკრაინელთა 72% აცხადებს, რომ პრეზიდენტ ზელენსკის პირადად ეკისრება პასუხისმგებლობა მისი გარემოცვის კორუფციულ ქმედებებზე. თუმცა, რესპონდენტთა 25% ამ მოსაზრებას არ იზიარებს. KIIS-მა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „პირადი პასუხისმგებლობის“ ინტერპრეტაციას სიფრთხილით უნდა მივუდგეთ, რადგან როგორც ინსტიტუტის გამოკითხვების ფართო კონტექსტმა აჩვენა, საზოგადოების აღქმაში „პასუხისმგებლობა“ „პირადი მონაწილეობის“ სინონიმს არ წარმოადგენს.

გამოკითხვა ჩატარდა 2026 წლის 12-დან 21 სექტემბრამდე, სატელეფონო ინტერვიუების მეშვეობით და მობილური ტელეფონის ნომრების შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. კვლევამ მოიცვა უკრაინის ყველა რეგიონი, რომელსაც უკრაინის მთავრობა აკონტროლებს, რესპონდენტებს კი წარმოადგენდნენ 18 წლისა და უფროსი ასაკის უკრაინის მოქალაქეები.

მანამდე, KIIS-მა გამოკითხვა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ ნდობის დონის მაჩვენებლის დადგენის მიზნით ჩაატარა. ის ბოლო დროს განხორციელებული ანტიკორუფციული გამოძიებების – „ფორესტ გამპისა“ და „კართაგენის“ – ფონზე მომდინარეობდა და მისი შედეგების მიხედვით, ამჟამად პრეზიდენტს ნდობას უცხადებს რესპონდენტების 54 პროცენტი, 41 პროცენტი კი არ ენდობა.

სტატიის ავტორი: ნატალია ხრუშალოვა, უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი (suspilne Ukraine/ суспільне україне)

ფოტოს ავტორი: ჩარლი ტრიბოლე, სააგენტო „ფრანს პრესი“

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 28 სექტემბერი, 2026 წელი, 17:03 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი