უკრაინელმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო პროცესისთვის აშშ-ის წინადადებების საპასუხო ვარიანტი მოამზადეს
უკრაინელმა და ევროპელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო პროცესისთვის აშშ-ის მომზადებული წინადადებების საპასუხო ვარიანტი მოამზადეს. საპასუხო წინადადებებს „როიტერი“ ავრცელებს.
საპასუხო წინადადებები უკრაინელი და ევროპელი მაღალჩინოსნების მიერ ლონდონში 23 აპრილს გამართულ შეხვედრაზე მომზადდა.
ცეცხლის შეწყვეტა – სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულების აღება ცაში, ხმელეთსა და ზღვაში. ორივე მხარე დაუყოვნებლივ დაიწყებს მოლაპარაკებებს ტექნიკურ განხორციელებაზე, აშშ-სა და ევროპის ქვეყნების მონაწილეობით. ამის პარალელურად მიმდინარეობს სრული სამშვიდობო შეთანხმების დღის წესრიგისა და მოდალობების მომზადება. ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგი, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ და მხარს უჭერს მესამე ქვეყნები. რუსეთმა უპირობოდ უნდა დააბრუნოს ყველა დეპორტირებული და უკანონოდ დევნილი უკრაინელი ბავშვი. გაიცვლება ყველა სამხედრო ტყვე (პრინციპი „ყველა ყველაზე“). რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ყველა სამოქალაქო პატიმარი;
უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები – უკრაინა იღებს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიებს, მათ შორის აშშ-ისგან (მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება), მაშინ როდესაც მოკავშირეებს შორის არ არსებობს კონსენსუსი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინის თავდაცვის ძალებზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს. გარანტორი სახელმწიფოები ქმნიან სპეციალურ ჯგუფს ევროპული ქვეყნებისა და არაევროპული მსურველი ქვეყნებიდან. არანაირი შეზღუდვა არ იქნება მეგობრული უცხოური ძალების უკრაინის ტერიტორიაზე ყოფნაზე, იარაღსა და ოპერაციებზე. უკრაინა მიისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ;
ტერიტორია – ტერიტორიული საკითხები განიხილება და გადაწყდება ცეცხლის სრული და უპირობო შეწყვეტის შემდეგ; ტერიტორიული მოლაპარაკებები კონტროლის ხაზის საფუძველზე იწყება; უკრაინა აშშ-ის ჩართულობით იბრუნებს კონტროლს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, ასევე კახოვკის კაშხალზე. უკრაინას აქვს შეუფერხებელი წვდომა მდინარე დნეპრზე და კონტროლი კინბერნის ცელაზე;
ეკონომიკა – აშშ და უკრაინა ეკონომიკური თანამშრომლობის/მინერალების შესახებ შეთანხმებას ასრულებენ. მოხდება უკრაინა სრულად აღდგენა და ფინანსური კომპენსაცია, მათ შორის რუსეთის სუვერენული აქტივების მეშვეობით, რომლებიც გაყინული დარჩება მანამ, სანამ რუსეთი უკრაინისთვის მიყენებულ ზარალს არ აანაზღაურებს.
2014 წლიდან რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები, შესაძლოა, თანდათანობით შემსუბუქდეს მდგრადი მშვიდობის მიღწევის შემდეგ და განახლდეს სამშვიდობო შეთანხმების დარღვევის შემთხვევაში.
ამასთან, „როიტერმა“ პარიზში რუსეთ-უკრაინას შორის სამშვიდობო პროცესისთვის აშშ-ის მიერ წარდგენილი წინადადებების სრულ ჩამონათვალი გამოაქვეყნა, რომელიც ვაშონგტონმა ევროპელ მაღალჩინოსნებს 17 აპრილს გააცნო.