„უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის“ პირველი ლიდერის, ევგენი კონოვალეცის ნეშტი სამშობლოში გადაასვენეს
სამხედროები „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის“ პირველი ლიდერის, პოლკოვნიკ ევგენი კონოვალეცის ნეშტს მიასვენებენ
„უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის“ (OUN) პირველი ლიდერის, პოლკოვნიკ ევგენი კონოვალეცის ნეშტი უკრაინას დაუბრუნდა. მის ფერფლს საზღვარზე პატივით დახვდნენ.
ეს ინფორმაცია 13 აგვისტოს „ტელეგრამზე“ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა გაავრცელა.
„პოლკოვნიკ ევგენი კონოვალეცს სამშობლოში სრული სახელმწიფო და სამხედრო პატივით შეხვდნენ“, – ნათქვამია მის პოსტში.
უფრო ადრე, ვერეშჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინაში კონოვალეცის ნეშტის გადმოსვენების შემდეგ, მას, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით, კომპლექსური გამოკვლევა ჩაუტარდება, რათა მომავალ თაობებს „რაც შეიძლება მეტი ზუსტი მტკიცებულებები“ დარჩეთ.
11 აგვისტოს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, როტერდამის „კროოსვეიკის“სასაფლაოზე კონოვალეცის ნეშტის ექსჰუმაცია განხორციელდა და მის ფერფლს სამშობლოში დააბრუნებენ. უკრაინელ პოლკოვნიკს ეროვნულ სამხედრო მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალავენ. მანამდე ის, სავარაოდოდ, კიევში, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიის ქრისტეს აღდგომის საკათედრო ტაძარში იქნება დასვენებული. დაკრძალვის თარიღი და სხვა დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
რა არის ცნობილი ევგენი კონოვალეცის შესახებ
ევგენ კონოვალეცი უკრაინის სახალხო რესპუბლიკის (UNR) არმიის პოლკოვნიკი, სიჩის მსროლელთა მეთაური, უკრაინის სამხედრო ორგანიზაციის კომენდანტი და „უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის“ (OUN) პირველი ლიდერია.
1938 წლის 23 მაისს, კონოვალეცი როტერდამში მოკლეს. მკვლელობა საბჭოთა სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული და ის აგენტმა პაველ სუდოპლატოვმა განახორციელა. დაღუპვის შემდეგ, პოლკოვნიკი როტერდამის „კროოსვეიკის“ სასაფლაოზე დაკრძალეს.
მისი საფლავი დროებითი იყო, რადგან იგეგმებოდა, რომ მოგვიანებით ნეშტს უკრაინაში გადაასვენებდნენ. 2026 წლის მაისში, ნიდერლანდებმა უკრაინას კონოვალეცის გადასვენების ნებართვა მისცა.
ივლისში უკრაინაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კონოვალეცის ნეშტს ეროვნულ სამხედრო მემორიალურ სასაფლაოზე დაკრძალავდნენ. მანამდე, 2026 წლის 25 მაისს, უკრაინაში გადაასვენეს OUN-ის კიდევ ერთი მოღვაწის, ანდრეი მელნიკისა და მისი მეუღლის, სოფიას ნეშტები, რომლებიც მანამდე ლუქსემბურგში იყვნენ დაკრძალულნი.