უკრაინელი მეკარის ამბავი მალე გადაწყდება - ოლეკსანდრ ტკაჩენკო ბათუმის „დინამოსთან“ ერთად მოემზადება #1TVSPORT
ბათუმის „დინამოს“ პრესსამსახურის ცნობით, გუნდთან ერთად ვარჯიშს უკრაინელი მეკარე ოლეკსანდრ ტკაჩენკო დაიწყებს, რომელთანაც კონტრაქტის გაფორმების საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება.
საინტერესოა, რომ 29 წლის უკრაინელი გოლკიპერი კიევის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიაში თავიდან თავდამსხმელად ვარჯიშობდა, კარში კი 13 წლის ასაკში ჩადგა და ამ გუნდის ფორმით ორჯერ მოიგო უკრაინის ასაკობრივი ჩემპიონატი და თასი.
2011 წელს ტკაჩენკო კიევის „დინამოს“ ახალგაზრდულ გუნდში მოხვდა, რომელსაც ხორვატიაში პირველსავე შეკრებაზე საერთაშორისო ტურნირი მოაგებინა – ზაგრების „დინამოსთან“ ფინალში, პენალტების სერიაში, სამი დარტყმა მოიგერია და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
ოლეკსანდრ ტკაჩენკო ამ დროს მიიწვიეს კიეველთა 19-წლამდელთა გუნდში, სადაც უკრაინის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. 2013 წლის ზაფხულში მან ხელი მოაწერა გრძელვადიან ხელშეკრულებას პოლტავის „ვორსკლასთან“, მაგრამ თამაში არ უწევდა და 2017 წლის ზამთარში იჯარით პირველი ლიგის „გორნიაკ-სპორტში“ გადავიდა.
თუმცა, ამ გუნდში მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა და სეზონის ბოლოს „ვორსკლაში“ დაბრუნდა. 2017/18 წლების სეზონში ის „ვორსკლას“ მთავარი მეკარე გახდა, გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და უკრაინის თასის ფინალში ითამაშა.
2011-12 წლებში ტკაჩენკომ უკრაინის სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებში ითამაშა. ევრო 2012-ის შესარჩევ ეტაპზე 19-წლამდელთა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო. 2011 წლის ნოემბერში, შესარჩევი ეტაპის გადამწყვეტ მატჩში შვეიცარიის წინააღმდეგ, პენალტების სერიაში იმარჯვა და ელიტრაუნდში ითამაშა.
2014 წელს ტკაჩენკო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში თანამეგობრობის თასის გამარჯვებული გახდა და ტურნირის საუკეთესო მეკარედაც აღიარეს.