უკრაინელი ჟურნალისტი - გოჩოლეიშვილს ზაფხულში „დნიპრო 1“ იწვევდა, მაგრამ უკრაინაში ომის გამო თავი შეიკავა #1TVSPORT
უკრაინელი ჟურნალისტი - გოჩოლეიშვილს ზაფხულში „დნიპრო 1“ იწვევდა, მაგრამ უკრაინაში ომის გამო თავი შეიკავა #1TVSPORT

იგორ ციგანიკმა „საბურთალოს“ მცველის, გიორგი გოჩოლეიშვილის დონეცკის „შახტარში“ გადასვლის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა – უკრაინელი ჟურნალისტი ამტკიცებს, რომ თავდაპირველად ქართველ მცველს „დნიპრო 1“ იწვევდა​.

„ზაფხულში იყო შანსი, გიორგი გოჩოლეიშვილს „დნიპრო 1“-ში ეთამაშა. ვიცი, რომ კლუბი სერიოზულად იყო დაინტერესებული ამ ფეხბურთელით. ხელმძღვანელობამ „საბურთალოსაც“ მიმართა და ფეხბურთელსაც. თავიდან გოჩოლეიშვილი დათანხმდა შეთავაზებას, მაგრამ შემდეგ, ომის გამო, უკრაინაში წასვლა ვერ გადაწყვიტა.

ახლა კი ფეხბურთელი „შახტარში“ გადადის. დონეცკელებს ასე სჩვევიათ – სხვისი აღმოჩენილი მოთამაშეების გადაბირებას ცდილობენ, ეს კლუბის საქმეა და სათქმელიც არაფერია. როგორც ვიცი, გოჩოლეიშვილმა დონეცკელებთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

უახლოეს მომავალში  ქართველი დონეცკის „შახტარის“ მოთამაშე ოფიციალურად გახდება. გუნდი მისი მიწვევით მარჯვენა მცველის პრობლემის მოგვარებას შეეცდება. ის სწრაფი ფეხბურთელია, კარგი დრიბლინგით, მაგრამ უკრაინაში ბევრმა ქართველმა ლეგიონერმა თავი ვერ გამოავლინა“ – განაცხადა ციგანიკმა საკუთარ იუთუბ-არხზე, Tsyganyk Live-ზე საუბრის დროს.

დონეცკის „შახტარი“ უკრაინის ცამეტგზის ჩემპიონი და ამდენჯერვე ქვეყნის თასის გამარჯვებულია, ცხრაჯერ აქვს მოგებული უკრაინის სუპერთასი, მოგებული აქვს უეფას თასი. შორეულ წარსულში კი საბჭოთა კავშირის თასის ოთხგზის გამარჯვებულია.

გუნდი საშინაო მატჩებს „დონბას არენაზე“ ატარებდა, მაგრამ დონეცკის რეგიონის ოკუპაციის გამო, გუნდი კიევში გადავიდა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ „შახტარმა“ კიდევ ერთხელ შეიცვალა საშინაო არენა და ლვოვში გადაბარგდა, ევროტურნირის საშინაო მატჩებს კი პოლონეთში ატარებს.