უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის გენერალ-მაიორი რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშობისა და მკვლელობის მცდელობის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს. საქმე ეხება ვალერი შაიტანოვს, რომელსაც ცნობილი მოხალისის, ადამ ოსმაევის მკვლელობის მომზადებაში ადანაშაულებენ.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური უფროსმა, ივან ბაკანოვმა ვალერი შაიტანოვის დაკავებას „ისტორიული ფაქტი“ უწოდა.
გამოძიების ცნობით, მათ აქვთ მყარი მტკიცებულება, რომ გენერალ-მაიორი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჯაშუშია. შაიტანოვი წარსულში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრს ხელმძღვანელობდა.
ადამ ოსმაევის მკვლელობის ორგანიზების გარდა, სამართალდამცველები შაიტანოვს უკრაინის ტერიტორიაზე ტერაქტების დაგეგმვასა და რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაში ადანაშაულებენ.
ადამ ოსმაევსა და მის მეუღლეს, ამინა ოკუევას პირველად 2017 წლის პირველ ივნისს კიევში დაესხნენ თავს. მეორე თავდასხმა ამავე წლის ოქტომბერში მოხდა, რა დროსაც ამინა ოკუევა მოკლეს, ხოლო ოსმაევი გადარჩა. ადამ ოსამევი და ამინა ოკუევა დონბასში, მოხალისეთა ბატალიონის წევრები იყვნენ. რუსეთში ოსმაევს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინზე თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებდნენ.