უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა გაიხსნება
უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა გაიხსნება

უკრაინაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლობა გაიხსნება. შესაბამის შეთანხმებას უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა და ჰააგის სასამართლოს მდივანმა, პიტერ ლიუისმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისი ავრცელებს.

„ეს მხოლოდ დასაწყისია, თუმცა წონიანი დასაწყისი. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულებში ყველა დამნაშავე პასუხისგებაში არ მიეცემა“, – განაცხადა კოსტინმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის თქმით, მას მტკიცედ სჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევა ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი მსოფლიოს განვითარებას.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები გასცა.