უკრაინაში საქართველოს ელჩი - კიევში სულ სამი-ოთხი საელჩოა დარჩენილი, რომელიც მუშაობს, ერთ-ერთია საქართველოს საელჩო, რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვაგრძელებთ მოქალაქეების დახმარებას
უკრაინაში საქართველოს ელჩი - კიევში სულ სამი-ოთხი საელჩოა დარჩენილი, რომელიც მუშაობს, ერთ-ერთია საქართველოს საელჩო, რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვაგრძელებთ მოქალაქეების დახმარებას

უკრაინაში საქართველოს ელჩის გიორგი ზაქარაშვილის განცხადებით, საქართველოს საელჩო დღემდე აგრძელებს მუშაობას როგორც კიევში, ისე ოდესაში და ლვოვში.

მისივე თქმით, სწორედ ლვოვში იმყოფებოდა საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე. ელჩის თქმით, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ხდება მოქალაქეების დახმარება.

„საქართველოს საელჩო დღემდე აგრძელებს მუშაობას როგორც კიევში, სადაც შესაძლებელია მოქალაქეების მიღება და მათთვის მაგალითად, დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა, ასევე მუშაობს გენსაკონსულო ოდესაში, საიდანაც ასევე დოკუმენტების მოწესრიგებაც არის შესაძლებელი და საკონსულოს დახმარებით მათი გამომგზავრება ძირითადად მოლდოვის ან რუმინეთის მიმართულებით, აგრეთვე ჩვენი საკონსულო პუნქტი ლვოვში, რომელიც არის ჩვენი საპატიო საკონსულოს ბაზაზე. ზუსტად იმიტომ ვართ ლვოვში, რომ აქ იყო კონცენტრირებული საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე.

რაოდენობის მხრივ, ჩვენი მდებარეობა ისევ და ისევ დამოკიდებულია იმაზე, სად უფრო საჭიროა ჩვენი ყოფნა – კიევში, ოდესაში, თუ ლვოვში. ჯერჯერობით ვართ რამდენიმე ადამიანი ლვოვში, არის ადამიანი კიევში და არის გენერალური კონსული და ვიცე-კონსული ოდესაში. შესაბამისად, რაც შეგვიძლია, მაქსიმალურად ვაგრძელებთ მოქალაქეების დახმარებას. რამდენდაც ვიცი, კიევში სულ სამი-ოთხი საელჩოა დარჩენილი, რომელიც ფუნქციონირებს, ერთ-ერთია საქართველოს საელჩო, ასევე სადღაც 15-მდეა ლვოვში, მათ შორის ცხადია, საქართველოს საელჩოც და საქართველოს დიპლომატები არიან ლვოვში“, – განაცხადა გიორგი ზაქარაშვილმა.

ამასთან, ელჩმა ისაუბრა, რა პირობებში უწევთ მათ მუშაობა.

„დღეში რამდენჯერმე ცხადდება საჰაერო განგაში, თუმცა საბედნიეროდ, კონკრეტულად ქალაქის იმ ნაწილში, სადაც არ არის არანაირი სამხედრო ობიექტი, შეტევა ჯერჯერობით არ განხორციელებულა, მაგრამ დაიბომბა ლვოვის შემოგარენში მდებარე საავიაციო ქარხანა, ასევე არც თუ შორს მდებარე სამხედრო ქვედანაყოფები. თუმცა, როგორც გვიჩვენებს კიევის, ჩერნიგოვის, იგივე მარიუპოლის და ხარკოვის მაგალითი, არავინ ვართ დაზღვეული, რომ შემდეგი რაკეტა იქნება, თუ ყუმბარა, ჩამოვარდეს ქალაქის ცენტრში. შესაბამისად, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ ალბათ მზად“, – განაცხადა უკრაინაში საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბრისას.