უკრაინაში კარანტინის დამრღვევს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება
უკრაინაში კარანტინის დამრღვევს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება

უკრაინაში კარანტინის დამრღვევს სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღო.

უმაღლეს რადაში ამ გადაწყვეტილებას მხარი 344-მა დეპუტატმა დაუჭირა. ახლა დოკუმენტს პრეზიდენტმა უნდა მოაწეროს ხელი.

კანონპროექტის თანახმად, კარანტინის დარღვევის შემთხვევაში, მინიმალური შემოსავლის მქონე მოქალაქეს ჯარიმის სახით დაახლოებით 17 ათასი გრივნის (650 დოლარი) გადახდა მოუწევს, ხოლო მაღალი შემოსავლის მქონე პირების მიერ კარანტინის დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა უფრო მაღალი იქნება, რომელიც დაახლოებით 51 ათას გრივნას შეადგენს, რაც დოლარის ეკვივალენტით თითქმის ორი ათასი დოლარია.

კანონპროექტის თანახმად, კანონის დამრღვევი თუ ჯარიმას არ გადაიხდის, მას დააკავებენ. იმ შემთხვევაში, თუ მათი დაუდევრობის მიზეზით ადამიანი გარდაიცვლება, კანონი 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამასთან ერთად, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკიმ მინისტრთა კაბინეტს საქალაქთაშორისო ავია და სარკინიგზო გადაადგილების შეჩერებისკენ მოუწოდა. პირველი პირის რეკომენდაციით, სამარშრუტო ტაქსებში მაქსიმუმ 10 ადამიანი უნდა განთავსდეს.

უკრაინამ მასობრივი თავშეყრის ადგილები და სასწავლო დაწესებულებები 12 მარტს დახურა. ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 13 მარტს დაფიქსირდა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების შვიდი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.