უკრაინაში ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი რაისა ბოგატირიოვა დააკავეს. ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის ყოფილი მაღალჩინოსანი კიევის ჟულიანის აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც ის კიევში მინსკიდან ჩაფრინდა. ყოფილი მინისტრი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო სახსრების მიტაცებაშია ეჭვმიტანილი.
14 აგვისტოს უკრაინის სასამართლომ პროკურატურას ბოგატირიოვას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის დახურვა დაავალდებულა, რადგან საქმის წინასწარი გამოძიების ვადა ამოიწურა. პროკურატურაში განაცხადეს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. უკრაინული მედია წერს, ყოფილი მინისტრის სახელი ძებნაში მყოფი პირების მონაცემთა ბაზიდან არ ამოუღიათ.
რაისა ბოგატირიოვა უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს 2012 წლის დეკემბრიდან 2014 წლის თებერვლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. 2007-2012 წლებში ის უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი იყო.