უკრაინაში ღამით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები
კიევის ოლქში რუსეთის თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მედიის ცნობით, ბუჩის რაიონის ქალაქ ვიშნევოეში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ავტომობილი დაზიანდა და ხანძარი გაჩნდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფასტოვის რაიონში კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა ფანჯრების მწარმოებელი საწარმო და ორი ავტომობილი. საწარმოს დაცვის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ასევე, მედიის ცნობით, რუსულმა ძალებმა 27 სექტემბრის დილით კიევში მდებარე მონაცემთა ცენტრს ორჯერ დაარტყეს.
დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა სუმის ოლქშიც. რუსეთის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 30 კი დაშავდა. დაშავებულთა შორის არიან ბავშვები, მათ შორის 11 თვის და რვა წლის გოგოები, ასევე ორი მოზარდი.