უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ოქტომბრის კულტურის სასახლეში შტურმით შეჭრის მცდელობა დაგმო
უკრაინაში აშშ-ის საელჩომ ოქტომბრის კულტურის სასახლეში შტურმით შეჭრის მცდელობა დაგმო

უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ოქტომბრის კულტურის სასახლეში შტურმით შეჭრის მცდელობა დაგმო. ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ სასახლეზე მიტანილ იერიშს საელჩო Twitter-ში გამოქვეყნებული განცხადებით გამოეხმაურა.

„ჩვენ ვეთანხმებით კანადელ და ბრიტანელ კოლეგებს. საჯარო დაწესებულებების ძალით დაკავება და დაზიანება მშვიდობიანი მიტინგის უფლების ბოროტად გამოყენებაა“, – ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

მანამდე, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მიერ ოქტომბრის სასახლის შტურმით აღების მცდელობა უცხოელმა დიპლომატებმა დაგმეს.
ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერმა მხარდამჭერებთან ერთად ოქტომბრის სასახლის შენობაში შეჭრა დღეს სცადა. სააკაშვილის მომხრეების ნაწილმა შენობაში შესვლა მოახერხა.
პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი აირი. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებთან ერთად რადას შენობის წინ გაშლილი კარვების ქალაქისკენ გადაინაცვლა.