უკრაინაში აქციის მონაწილეები კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებულების ავტობუსებს თავს დაესხნენ
უკრაინაში, ქალაქ ნოვიე სანჟარიში მომიტინგეების ნაწილი თავს დაესხა ავტობუსებს, რომლითაც ქვეყანაში კორონავირუსის საფრთხის გამო ჩინეთიდან ევაკუირებული მოქალაქეები ჩაიყვანეს. მომიტინგეებმა ავტობუსებს ქვები დაუშინეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად ცხრა სამართალდამცველი და აქციის ერთი მონაწილე დაშავდნენ.
უკრაინის მოქალაქეები ჩინეთიდან უკრაინაში გუშინ ჩაიყვანეს. ქალაქ ნოვიე სანჟარის მოსახლეობის ნაწილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უხანიდან ევაკუირებულ ადამიანებს ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანდნენ და მოსახლეობის ნაწილი ამ ფაქტის გასაპროტესტებლად საავადმყოფოსთან შეიკრიბა.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, უხანიდან ევაკუირებული ყველა ადამიანი ჯანმრთელია და მოსახლეობას მათი არ უნდა ეშინოდეს.
განცხადება გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმაც. მისი თქმით, ევაკუირებული ადამიანები კარანტინში იქნებიან. მათთან მხოლოდ ის ექიმები იქნებიან, რომლებიც ჩინეთიდან უკრაინამდე ამ ადამიანებთან ერთად მგზავრობდნენ. პრემიერი ამბობს, რომ მთავრობა სიტუაციას სრულად აკონტროლებს.