უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება

უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები იმართება. უკრაინის მოქალაქეები სოფლებისა და ქალაქების რაიონულ, ასევე საოლქო საბჭოებს ირჩევენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 08:00 საათზე გაიხსნა და საღამოს 20:00 საათზე დაიკეტება.

წელს უკრაინაში მუნიციპალური არჩევნები ახალი საარჩევნო კოდექსით ტარდება.

გარდა ამისა, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად, უკრაინაში მიმდინარეობს პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის მიერ ინიცირებული გამოკითხვა.

ინიციატივის ფარგლებში ამომრჩევლებს საარჩევნო უბნების გარეთ ინტერვიუერები ხუთ შეკითხვას დაუსვამენ. აღნიშნული ხუთი შეკითხვა ეხება კორუფციისთვის სამუდამო პატიმრობას, დონბასის ოკუპირებულ ნაწილში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნას, დეპუტატების რაოდენობის 300-მდე შემცირებას, სამედიცინო მიზნებისთვის კანაფის ლეგალიზებას, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ბუდაპეშტის მემორანდუმის გამოყენებას.

„25 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მე ხუთ მნიშვნელოვან შეკითხვას დაგისვამ ისეთ საკითხებზე, რომლებსაც ჩვენ ქუჩაში, სამზარეულოში და ინტერნეტში განვიხილავთ, რაზეც მეგობრებთან, მშობლებთან ან ტაქსის მძღოლებთან ვკამათობთ. იმაზე, რაზეც აქამდე ჩვენ არასდროს გვეკითხებოდნენ. ხუთი მნიშვნელოვანი კითხვა, რომ გავიგოთ შენი აზრი“, – განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ მიმართვისას.