უკრაინაში აცხადებენ, რომ სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ რუსეთმა მათ საზღვართან 90 ათასამდე სამხედრო დატოვა
უკრაინაში აცხადებენ, რომ სამხედრო წვრთნების დასრულების შემდეგ რუსეთმა უკრაინის საზღვართან 90 ათასამდე სამხედრო დატოვა. ინფორმაციას უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, ნოემბრის დასაწყისიდან უკრაინის საზღვართან ახლოს და რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შეინიშნება რუსული სამხედრო ქვედანაყოფების მობილიზება, რომელთა შემადგენლობა დაახლოებით 90 ათას ჯარისკაცს ითვლის.
ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ჩატარებული ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების შემდეგ, რუსეთმა 41-ე არმიის რამდენიმე ქვედანაყოფი რეგიონში დატოვა, რომლებიც უკრაინის საზღვრიდან დაახლოებით 260 კმ-ის მანძილზე განთავსდნენ. სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაცია პერიოდულად მიმართავს სამხედრო ნაწილების გადაადგილებისა და მობილიზაციის პრაქტიკას, რათა რეგიონში დაძაბულობა, მეზობელ ქვეყნებზე კი, პოლიტიკური ზეწოლა შეინარჩუნოს.
აღსანიშნავია, რომ „პოლიტიკომ“ პირველ ნოემბერს გამოაქვეყნა კომერციული სატელიტის მიერ გადაღებული ფოტოები, რომლებშიც უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების და სამხედრო ტექნიკის მობილიზებაა ასახული. კრემლში უარყოფენ გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებენ, რომ რუსეთს საკუთარი სამხედროები მის ტერიტორიაზე ჰყავს განთავსებული, იქ სადაც მათ ყოფნა საჭიროდ მიაჩნია.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოსკოვმა უკრაინის საზღვრის გასწვრივ 100 ათასზე მეტი ჯარისკაცის მობილიზება მოახდინა, რამაც კიევისა და დასავლეთის ქვეყნების შეშფოთება გამოიწვია, თუმცა რუსეთმა სამხედროები მოგვიანებით ბაზაზე დააბრუნა.