უკრაინას, შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთარი დაუდგეს

14:27, 07.11.2026
საილუსტრაციო ფოტო

საილუსტრაციო ფოტო

ენერგოქსელებსა და წყალმომარაგების სისტემებზე რუსეთის თავდასხმები მილიონობით ადამიანს გათბობის, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩენის საფრთხის წინაშე აყენებს. ამიტომ, როგორც ვარშავაში ბაზირებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „საერთაშორისო დახმარების პოლონური ცენტრის“ (PCPM) ექსპერტები ვარაუდობენ, უკრაინას, შესაძლოა, ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მძიმე ზამთარი დაუდგეს.

ამ ეტაპზე ორგანიზაციის პრიორიტეტს კარს მომდგარი ზამთრის პერიოდში ქალაქ ხარკოვისა და ხარკოვის ოლქის მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა წარმოადგენს, ხოლო სამომავლოდ საქმიანობის გაფართოებას ხერსონის ოლქშიც გეგმავს.

PCPM-ის ხელმძღვანელის, ვოიტეკ ვილკის განცხადებით, ფონდი განსაკუთრებულ მხარდაჭერას ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს გაუწევს.

PCPM-ი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული ზამთრის დახმარების პაკეტების დარიგებას აპირებს. მასში შედის თბოიზოლაციის საშუალებები, ელექტროენერგიის გამორთვის დროს გამოსაყენებელი ნივთები, საკვების მომზადებისთვის საჭირო აღჭურვილობა, ასევე მეხანძრეებისა და მაშველებისთვის განკუთვნილი სპეციალური საშუალებები.

უკრაინაში PCPM-ის თანამშრომლებთან საუბრისას, ერთ-ერთმა ადგილობრივმა მცხოვრებმა აღნიშნა, რომ ხალხი ზამთრისთვის უკვე ემზადება. მისი თქმით, მთელი ზამთრის განმავლობაში, დაახლოებით სამი სატვირთო მანქანა შეშა დასჭირდებათ და აპირებენ, რომ ნებისმიერ ექსტრემალურ სიტუაციას, მათ შორის, ელექტროენერგიის გათიშვებს, მომზადებულები შეხვდნენ.

ფრონტის ხაზთან სიახლოვის გამო, ხარკოვის ოლქი ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ზონად რჩება. რაც შეეხება ნიკოლაევს, ოდესას და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, ისინი მნიშვნელოვან მიმართულებებს წარმოადგენს იძულებით გადაადგილებული პირებისთვის, რომლებიც სამხრეთ უკრაინაში, ხერსონის ოლქის ინტენსიური დაბომბვების გამო, იძულებულები არიან, თავიანთი საცხოვრებელი ადგილები დატოვონ.

PCPM-ის განცხადებით, ამ რეგიონებში მცხოვრები ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება – ფიქსირდება უმუშევრობის მაღალი დონე, მომსახურებებზე შეზღუდული წვდომა და იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც მხარდაჭერა სჭირდებათ.

ფონდი მოუწოდებს საზოგადოებას, გაიღონ შემოწირულებები იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებსაც მომდევნო თვეებში, შესაძლოა, გათბობის, წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდეთ. ამასთან, ორგანიზაცია სთხოვს მედიასაშუალებებს, ჟურნალისტებსა და კონტენტის შემქმნელებს, გაავრცელონ ინფორმაცია ამ დახმარების კამპანიის შესახებ.

შემოწირულებების გაღება PCPM-ის ვებგვერდის მეშვეობით არის შესაძლებელი.

სტატიის და ფოტოს ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონეთის რადიო“(Polskie Radio)

წყარო: არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო დახმარების პოლონური ცენტრი“ (PCPM)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 6 ნოემბერი, 2026 წელი, 15:05 (ცენტრალური ევროპის დრო)

მსგავსი