საომარ მდგომარეობაში მყოფმა უკრაინამ უდიდესი სირთულეების მიუხედავად, ჯერ საფეხბურთო ჩემპიონატი განაახლა, ახლა კი ქალთა და მოყვარულთა ჩემპიონატებიც დაიწყო.
ამის შესახებ კომენტარი გააკეთა უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ანდრეი პაველკომ.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლები აგრძელებენ უკრაინული მიწის გათავისუფლებას რუსული ბოროტებისგან, საფეხბურთო საზოგადოება კი განაახლებს შეჯიბრებებს ჩვენი გმირების მხარდასაჭერად!
23 აგვისტოს უკვე განახლდა შეჯიბრებები უკრაინის პრემიერლიგასა და პირველ ლიგაში – მამაკაცთა გუნდებს შორის. ახლა კი „დნიპრო-1“-„კრივბასის“ მატჩით დაიწყო უკრაინის ჩემპიონატის მთავარი ლიგის მატჩები ქალთა გუნდებს შორის, ხოლო „ლოკომოტივი“- „სპორტსმენის“ შეხვედრით დაიწყო უკრაინის ჩემპიონატი მოყვარულთა შორის.
ფედერაციის პირველ ვიცე-პრეზიდენტებთან, ანატოლი დემიანენკოსთან, ოლეგ პროტასოვთან, ოლექსი მიხაიჩენკოსთან, ვადიმ კოსტიუჩენკოსთან და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რუსლან როტანთან ერთად, დავესწარით სამოყვარულო და ქალთა გუნდების მატჩებს. ტრადიციულად, მატჩების დაწყებამდე გუნდის კაპიტნებმა სტადიონებზე სახელმწიფო დროშა აღმართეს.
კარგი ტრადიციის თანახმად, ბურთზე პირველად სამხედროებმა დაარტყეს. ამრიგად, ჩვენ შევძელით ყველა დაგეგმილი შეჯიბრის განახლება. მადლობა სახელმწიფოს მეთაურს, ვოლოდიმირ ზელენსკის დახმარებისთვის და უკრაინაში ტურნირების ჩატარების ინიციატივის მხარდაჭერისთვის!
მადლობა ჩვენს სამხედროებს, ეროვნულ პოლიციას, ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროს, კლუბების ლიდერებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეფექტური ურთიერთობისთვის, რისი წყალობითაც ფეხბურთი იქცა უკრაინელების გაერთიანებისა და ჩვენი სამხედროების მხარდაჭერის სერიოზულ იარაღად, რომლებიც იცავენ უკრაინას ყველა ფრონტზე!
სიმბოლურია, რომ ჩვენი საფეხბურთო ოჯახის წარმატება დაემთხვა უკრაინის არმიის წარმატებას აღმოსავლეთში და სამხრეთში. ეს იმის ნიშანია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს! დიდება გმირებს! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს! დიდება უკრაინას!“, – წერია ანდრეი პაველკოს განცხადებაში.